თამარ კორძაია - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში უკვე ჩავერთეთ, არ ვიზიარებ გიორგი ვაშაძის პოზიციას, რადგან უმრავლესობამ რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე ჩვენი მოსაზრებები გაითვალისწინა
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში უკვე ჩავერთეთ და არ ვიზიარებ გიორგი ვაშაძის პოზიციას, რადგან უმრავლესობამ რეგლამენტში შესატან ცვლილებებზეც მოისმინა ჩვენი მოსაზრებები და გაითვალისწინეს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კორძაიამ შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადება, სადაც ის ამბობს: „ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას იმ თაღლითურ სქემაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს. მეტიც, ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდებთ, მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და მმართველი პარტიის ლუსტრაცია მოვახდინოთ“.
თამარ კორძაიას თქმით, ჯერჯერობით სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული ცვლილებები სამართლებრივად სწორი და გამართულია.
„ახლა სამართლებრივი პროცედურები ნორმალურად მიმდინარეობს და თუ „ქართულ ოცნებას“ პროცესის არევა უნდა პოლიტიკურად, ამას მოახერხებს კიდეც, მაგრამ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ჯერჯერობით სახალხო დამცველის არჩევის მიზნით ცვლილებები სამართლებრივად სწორი და გამართულია. რაც შეეხება პროცესის წარმართვას, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.სწორედ მან უნდა გამოსცეს ბრძანება და შექმნას კომისია“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.