თამარ კორძაია - „ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა დაანებოს პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას, ცდილობენ, გადაღალონ ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ ეს არ გამოუვათ
ახლა ცდილობენ, მაქსიმალურად კიდევ უფრო გადაღალონ ჩვენი წარმომადგენლები, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან ვერ დაგვღლიან, რადგან უსამართლობამ დაგვღალა და უსამართლობასთან ბრძოლას არ დავუღლივართ ნამდვილად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაია.
როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს, როგორც მერების, ისე პროპორციული სისტემით.
„მინდა, შევახსენო „ქართულ ოცნებას“, რომ ჯერ შემაჯამებელი ოქმების შევსება არ დასრულებულა, შეყოვნება ხდება „ქართული ოცნების“ წევრებით და მათი მეოხებით, რადგან არ უსვამენ ბეჭედს, არ აქვთ ხელმოწერები, რადგან სურთ, გაწელონ დრო. ამის სანიმუშო მაგალითი იყო ზუგდიდში როგორ აჭიანურებს „ქართული ოცნება“ ოქმების საბოლოოდ გაფორმებას, რადგან „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს, როგორც მერების, ისე პროპორციული სისტემით.
მე ასევე მინდა, მოვიყვანო მაგალითი ვაზისუბანში 67-ე უბანზე ნიკა მელია იგებს და პრობლემა არის ის, რომ ამ წუთას დაიწყეს ბიულეტენების გაბათილება, რათა ნიკა მელიას ხმები დასწიონ დაბლა. გაბათილება, ისევე როგორც წინა არჩევნებზე, არის დღევანდელი დღის პრობლემაც, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქუთაისში, სადაც ხატია დეკანოიძე იგებს, ტოტალურად ბევრ ბიულეტენს აბათილებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა, იგივე ხდება ასპინძაში, სამგორში, ნაძალადევში“, – განაცხადა კორძაიამ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა დაანებოს პროცესების ხელოვნურ გაჭიანურებას და შეეგუოს, რომ კარგავს ძალაუფლებას, მისცეს თავისუფალი არჩევანის გაფორმების შესაძლებლობა საარჩევნო კომისიებს და მისცეს ხვალინდელი დღე ამ ქვეყნის მოქალაქეებს.
„ჩვენი კომისიის წევრები, ჩვენი წარმომადგენლები ვინც არის უბანზე, ყოველი ბიულეტენისთვის სათითაოდ იბრძვიან, რაც ჩვენ დავინახეთ ზუგდიდში, რასაც აკეთებს ქალბატონი მესხი, ეს არის ზღვარგადასული აღვირახსნილობა ხელისუფლების მხრიდან. ისინი სპეციალურად აჭიანურებენ ხელმოწერას, ბეჭდების ნომრების დასმას, რადგან სრულყოფილად შევსებული ოქმები არ გააგზავნონ ოლქში და არ აიტვირთოს ცესკო-ს საიტზე, რადგან ასიამოვნონ ირაკლი კობახიძეს, რომელიც აყალბებს შედეგებს და გაყალბებული შედეგებით ესაუბრება საზოგადოებას. ახლა ცდილობენ, მაქსიმალურად კიდევ უფრო გადაღალონ ჩვენი წარმომადგენლები, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან ვერ დაგვღლიან, რადგან უსამართლობამ დაგვღალა და უსამართლობასთან ბრძოლას არ დავუღლივართ ნამდვილად. შედეგები, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლები გვიგზავნიან, არის ხელისუფლებისთვის სავალალო, თუ ისინი მსგავსი მეთოდებით გააგრძელებენ მუშაობას გავასაჩივრებთ. ეუთო/ოდირის დასკვნას დაველოდებით, ისინი ხედავენ რა ხდება საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა კორძაიამ.