თამარ კორძაია - პომპეოს ვიზიტის დროს აქცია კარგი იქნება, მისაღებია ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმა, რომლითაც პარტნიორებს გავაგებინებთ, რომ ივანიშვილს ხელისუფლების მიტაცება სურს
თამარ კორძაია - პომპეოს ვიზიტის დროს აქცია კარგი იქნება, მისაღებია ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმა, რომლითაც პარტნიორებს გავაგებინებთ, რომ ივანიშვილს ხელისუფლების მიტაცება სურს

მაიკ პომპეოს ვიზიტის დაგეგმვა ნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებით შექმნა კრიზისი, – ამის შესახებ ბლოკ „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ გაკეთებული ანგარიშები პომპეოს მისცემს სათანადო შეფასების შესაძლებლობას.

„ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზიტის დაგეგმვა იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბებით შექმნა კრიზისი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მიერ გაკეთებული ანგარიშები და დასკვნები მას მისცემს სათანადო შეფასების შესაძლებლობას. ჩვენი პარტნიორების პოზიციას ამ არჩევნებთან დაკავშირებით დიდი იმედით ვუყურებთ. ჩვენ მიწოდებული გვაქვს დასკვნები აშშ-ის საელჩოსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, ამ წუთასაც ვმუშაობთ ამ საკითხებზე“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

პომპეოს ვიზიტის პარალელურად აქციის შესაძლო გამართვაზე კორძაიამ განაცხადა, რომ ამ საკითხს თავად მოქალაქეები წყვეტენ.

„აქციის ჩატარება/არ ჩატარებას თავად მოქალაქეები წყვეტენ და ყველა ჩვენი აქცია არის მშვიდობიანი. ჩვენ ვთვლით, რომ ყველა აქცია, სადაც ბლოკი „ძალა ერთობაშია“ მონაწილეობს, მშვიდობიანია და რა თქმა უნდა, ჩვენ მშვიდობიანად გავაპროტესტებთ ჩვენი ხმების მიტაცებას.

პომპეოს ვიზიტის დროს აქცია კარგი იქნება. ბიძინა ივანიშვილს მომავლის წართმევა და ხელისუფლების მიტაცება სურს. ბუნებრივია, ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმა, რომლითაც ამას ჩვენს პარტნიორებს გავაგებინებთ, მისაღებია და კარგია“, – განაცხადა კორძაიამ.