თამარ კორძაია - „ოცნების“ კომისიის წევრები ამომრჩეველთა სიებს ბეიჯებში მალავენ, დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას, გამოიყენონ თავიანთი უფლება და მიმდინარეობს ამომრჩევლებზე ზეწოლა
თამარ კორძაია - „ოცნების“ კომისიის წევრები ამომრჩეველთა სიებს ბეიჯებში მალავენ, დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას, გამოიყენონ თავიანთი უფლება და მიმდინარეობს ამომრჩევლებზე ზეწოლა

„ოცნების“ წარმომადგენელი კომისიის წევრები ამომრჩეველთა სიებს ბეიჯებში მალავენ, დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას, გამოიყენონ თავიანთი უფლება და მიმდინარეობს ამომრჩევლებზე ზეწოლა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგი გამართა.

მან ბრიფინგზე საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ აქტივობა არის საკმაოდ მაღალი.

ქუთაისის N11 და 7-ე უბანში მოხდა ორი ბიულეტენის გაცემა. სისტემურ დარღვევას აქვს ადგილი, ასევე დამკვირვებლებთან მიმართებაში, როდესაც რეგისტრატორების უკან არ აძლევენ სათანადოდ დაკვირვების შესაძლებლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გუშინ მოვუწოდეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პერსონალურად გიორგი კალანდარიშვილს, რომ უზრუნველყოს დამკვირვებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი ფუნქციები შეასრულოს დაუბრკოლებლად, მაგრამ ცესკო-დან ვერ ვხედავთ რეაგირებას.

ჩვენს მიერ გამოვლინდა საჯარო მოხელეების მხრიდან ზეწოლის ფაქტები ასპინძის მე-20 უბანზე, რწმუნებული ნოდარ ბაბელაშვილი, დეპუტატი გოჩა ყრუაშვილი ახდენენ ამომრჩეველზე ზეწოლას. მათ გაიყვანეს კომისიის ორი წევრი უბნიდან, აძლევენ მითითებს და ერევიან კომისიის წევრების საქმიანობაში. ქარელის რაიონში, ადიშში, N7-ე უბანზე გამგებლის წარმომადგენელი სულო მარგველაშვილი ახორციელებდა ასევე ამომრჩეველზე ზეწოლას. ძალიან მნიშვნელოვან დარღვევას ჰქონდა ადგილი გარდაბნის 54-ე უბანზე. ჩვენ უკვე ვწერთ საჩივარს, აბელ მირზოევმა წაიღო გადასატანი საარჩევნო ყუთი და მას გაჰყვნენ მხოლოდ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები და არ გააყოლეს დამკვირვებლები, რაც სერიოზული დარღვევაა. სამგორის 38-ე უბანზე მარკირების სითხე არ არის საერთოდ და არ ხდება ამომრჩევლის მარკირება.

გიორგი კალანდარიშვილს მოვუწოდებთ, რომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს სწორედ ამ უბანზე, რადგან ეს არის უბანი, სადაფ ჩასახლებული არიან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და შესაძლოა, იქ მისული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი საღამოს სხვა უბანზე აღმოჩნდნენ სპეცსიაში და ეს შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს სამართალდამცავი ორგანოს არცერთ თანამშრომელს.

ასევე, გამოვლინდა ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნებზე და „ოცნების“ კოორდინატორები არიან აბსოლუტურად მობილიზებული უბნებთან და საარჩევნო სიები აქვთ, რომ მოახდინონ აღრიცხვა. ეს არის ქუთაისის მე-7, 64-ე და მე-11 უბნები, ბათუმის მე-5 უბანი, ლაგოდეხში,  ზუგდიდის მე-10 უბანი, მარტვილის მე-9 უბანი, ბოლნისის 51-ე და 52-ე უბნების მიმდებარედ, მარნეულის მე-3 და მე-5 უბანები, ისნის 30-ე უბანი. საინტერესო და ძალიან ყურადსაღები ფაქტია დარღვევა მარტვილში, კომისიის წევრებს და დამკვირვებლებს ბეიჯებში უდევთ ამომრჩეველთა სია და ამ ფორმით მალავენ, ამის დასადასტურებელ ვიდეომასალებს ნახავთ ჩვენ მიერ გაშვებულ კადრებში.

დამკვირვებლებზე ზეწოლა ბათუმის მე-2 უბანზეც ხდება და ქუთაისის 48-ე და 47-ე უბნებზე. დღევანდელი არჩევნები რომ ჩაითვალოს სამართლიან, თავისუფალ და თანასწორ არჩევნებად, აუცილებელია, ყველა ეს დარღვევა იყოს დაუყოვნებლივ აღმოფხვრილი და მთელი დღის განმავლობაში არჩევნები ჩატარდეს მშვიდად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. პერსონალური პასუხისმგებლობა ამ არჩევნების ჩატარების ეკისრება გიორგი კალანდარიშვილს, რომელმაც უნდა აიღოს მართვის სადავეები და არ დაუტოვოს „ოცნებას“ ძალადობის სივრცე. მოვუწოდებ კალანდარიშვილს გამოვიდეს, საჯაროდ მოუწოდოს კომისიის წევრებს, რომ დაიცვან კანონი, ყოველწუთიერად მისცეს მითითებები, რა არის კანონში დაწერილი, რომ ამომრჩევლის ნება იყოს გათვალისწინებული და იყოს ყურადღებით“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.