თამარ კორძაია - მოვუწოდებ ყველა უნივერსიტეტს, გამოხატონ სოლიდარობა „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და „თავისუფალ უნივერსიტეტის“ მიმართ
ჩვენ დავინახეთ, რომ უპირველესად „საქართველოს უნივერსიტეტსა“ და მერე „თავისუფალ უნივერსიტეტზე“ თავდასხმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, შეუტიოს იმ თავისუფალ სივრცეებს, სადაც ადამიანები ცდილობენ, მიიღონ განათლება და ეზიარონ დემოკრატიულ ღირებულებებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, ეს შეტევა მიზნად ისახავს თავისუფალი ადამიანების გაქრობას ამ ქვეყანაში.
„მოვუწოდებთ ყველა უნივერსიტეტს, გამოიჩინონ სოლიდარობა ამ ორ უნივერსიტეტთან მიმართებაში. დღეს თუ ჩვენ გავჩუმდებით, ხვალ ყველა უნივერსიტეტს მიადგება ეს ხელისუფლება, ხელისუფლება არის გაბრაზებული და ყველგან ეძებს მიზეზებს, რომ ვიღაცები დასაჯოს, გარდა საკუთარი პრობლემებისა. დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება“ გადასულია რეპრესიებზე. არ შეიძლება ამ საკითხის ყურადღების მიღმა დატოვება, სადაც ცალსახად და ნათლად ჩანს „ქართული ოცნების“ სურვილი თავისუფალი სივრცეების შეზღუდვისა. მოვუწოდებ უნივერსიტეტებს, ჩვენ გამოვხატავთ დღეს სოლიდარობას, მაგრამ სოლიდარობა უნივერსიტეტების მხრიდან ამ ორი უნივერსიტეტის მიმართ არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.