ოპოზიციურმა პარტიებმა „რუსთავი 2"-ის ოფისში ბრიფინგი გამართეს
ოპოზიციურმა პარტიებმა „რუსთავი 2"-ის ოფისში ბრიფინგი გამართეს

გვინდა, ხელისუფლებას შევახსენოთ ის, რომ მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადაყენების მოთხოვნით არ მოსულან იქ საქართველოს მოქალაქეები. მოთხოვნა იყო ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ადამიანის რომელმაც გავრილოვი შემოუშვა საქართველოში, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ში  ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად გამართა.

კორძაიას თქმით, საზოგადოების გულწრფელმა პროტესტმა პირველი შედეგი გამოიღო ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომით.

„უპირველეს ყოვლისა უდიდეს მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც გამოხატა გუშინ საკუთარი გულწრფელი პროტესტი საქართველოს ხელისუფლების უმსგავსო ქმედებებთან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. გვინდა, თითოეულ მათგანს მივულოცოთ ის პირველი შედეგი, რაც მიიღო მათმა გულწრფელმა პროტესტმა, ეს არის ირაკლი კობახიძის გადადგომა და ეს არის პირველი წარმატება საქართველოს მოქალაქეების.

აქვე გვინდა, ხელისუფლებას შევახსენოთ ის, რომ მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადაყენების მოთხოვნით არ მოსულან იქ საქართველოს მოქალაქეები. მოთხოვნა იყო ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, ადამიანის რომელმაც გავრილოვი შემოუშვა საქართველოში, მისი გადაყენება, მაგრამ მისმა ქმედებებმა დაგვარწმუნა, რომ ის ამას არ აპირებს, სამწუხაროდ, გადადგომას. მისმა ქმედებებმა დაგვანახა, რომ ის მზად არის დაარღვიოს კანონი, გადაამეტოს ძალა და დაერიოს საქართველოს მოქალაქეებს. ვთლით, რომ გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნა არის ისევ ძალაში”, – განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, აუცილებელია, გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგეს და დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით.

„ასევე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეები და ამასთან, საქართველოს მოქალაქეები ორი დღეა, ითხოვენ პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ამიტომ, მივმართავთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს ასევე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა და მოლაპარაკება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კორძაიამ.

ოპოზიციური პარტიების წევრები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი აქციის შემდეგ ხელისუფლება ამ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს. მათი განცხადებით, შემდგომი ქმედებები ამაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად დააკმაყოფილებს მთავრობა მოთხოვნებს და დაიგეგმება, გაგრძელდება თუ არა აქციები.