თამარ კორძაია - კატეგორიულად მოვითხოვთ, გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც ხმა მიცემულია, რათა ჩავატაროთ ექსპერტიზა
კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, რათა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობის და მასობრივად, ტოტალურად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ კორძაიას განცხადებით, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთელი ქვეყნის ყველა უბნის შედეგები გაასაჩივრა.
„დასრულდა საჩივრების შეტანის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო კომისიის შედეგებთან დაკავშირებით. „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჩივრა მთელი საქართველოს ყველა უბნის შედეგები და ახლა განვმარტავ რატომ – თქვენ წინაშეა კადრები, სადაც ჩანს „ქართული ოცნების” კომისიის წევრები როგორ ამეცადინებენ თავიანთ ამომრჩეველს ხმის მიცემის პროცესში და ეუბნებიან, რომ მეორე მხარეს გამოჩნდება აუცილებლად, ეს იყო არჩევნებამდე. ეს უკვე არის გუშინდელი გადათვლის შედეგები, სადაც ყველა ბიულეტენზე ჩანს, როგორ მისცა ამომრჩეველმა ხმა. ეს არის ამომრჩევლის და ადამიანის ფუნდამენტური უფლების, თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლების შელახვა და მას ჰქონდა ტოტალური და მასობრივი ხასიათი. ამიტომაც, ჩვენ ვთვლით, რომ არავის არ აქვს შესაძლებლობა, დღეს განსაზღვროს, ვინ გააკეთა ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევანი და ვინ ვერ გააკეთა“, – განაცხადა კორძაიამ.
მისი თქმით, ფარულობას არ იცავდა არცერთი პროცედურა, რადგან ბიულეტენის გადაბრუნების შემთხვევაშიც, ძალიან კარგად ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.
„ამიტომ, მივმართავ გიორგი კალანდარიშვილს, დღეს ჩემ საპასუხოდ არ დააყენოთ თქვენი პრესსამსახურის ქალბატონი და არ თქვათ, რომ ამ ბიულეტენს ფარავდა კონვერტი, რადგან ერთი მცირე დეტალია ამ პროცესში, ყველას ასწავლიდით, რომ აუცილებელია ბიულეტენი გადააბრუნოთ და ისე შეაცუროთ, მაგრამ ფარულობას არ იცავდა არცერთი პროცედურა, რადგან გადაბრუნების შემთხვევაშიც ძალიან კარგად ჩანდა, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, ამიტომ ამ გაყალბებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და, შესაბამისად, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის გიორგი კალანდარიშვილს. ამ ეთერიდან კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ გადმოგვცენ ბიულეტენის ნიმუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, რათა ჩავატაროთ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არჩევნებზე მასობრივი ძალადობის და მასობრივად, ტოტალურად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. გარდა ამ საკითხისა, საჩივრებში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე და ვასაბუთებთ იმას, რომ მასობრივად ასევე არ ხდებოდა მარკირება, რაც იცავს, როგორც წესი, გაორებისგან და ხმების დუბლირებისგან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია გადმოეცეს პოლიტიკური პარტიების შექმნილ ჯგუფს ის ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, რომლებიც შენახულია და დალუქულია, რადგან ეს არის ფიზიკური მტკიცებულება, რომლის გადამოწმებითაც შესაძლებელია იმ რეალური დარღვევების დადასტურება, რაც ჩვენ გვქონდა სახეზე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ, გამოიყენონ თავის გადარჩენის შანსი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, განიხილონ ჩვენი საჩივრები და დააკმაყოფილონ, რადგან ეს ფაქტები არის უტყუარი და იმ შემთხვევაში, თუ არ გადმოგვცემენ ბიულეტენს ექსპერტიზისთვის, ესეც იქნება დადასტურება იმის, რომ ამ პროცესში სახელისუფლებო მანქანა იყო სრულად ჩართული იმისათვის, რომ დაეშინებინა საქართველოს მოქალაქეები არჩევანის გაკეთების დროს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.