თამარ კორძაია - დაფიქრების საგანია, რომ აშშ ხშირად ნახულობს დროს, იმსჯელოს ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა
„მეგობარი აქტი“, რომელსაც სენატში უახლოეს დღეებში განიხილავენ, გვპირდება 14-მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, თანაც ეს აქტი არის ორპარტიული შეთანხმება „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
თამარ კორძაიას განცხადებით, დაფიქრების საგანია, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიცაა აშშ, ძალიან ხშირად ნახულობს დროს, იმსჯელოს ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა.
„უახლოეს დღეებში სენატში დაგეგმილია განხილვა, სადაც „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ერთობლივად იმსჯელებენ საქართველოში არსებულ დემოკრატიის კრიზისზე და სწორედ „მეგობარი აქტი“, რომელიც გვპირდება ამ 14-მილიარდიან დახმარებას და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-თან, არის ორპარტიული შეთანხმება. ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საქართველოში თუ საქართველოს მოქალაქეების არჩევანი გაიმარჯვებს, მათ ექნებათ ეს 14-მილიარდიანი დახმარება, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეების ნებას ეს ხელისუფლება არ აღიარებს, მაშინ, რა თქმა უნდა, სანქციები იქნება ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ეს აქამდე იყო“, – განაცხადა კორძაიამ.