თამარ კორძაია - ბრძოლა დღეიდან შედის გადამწყვეტ ფაზაში, არჩევნებამდე დარჩა 151 დღე და წამმზომი ჩართულია
არჩევნებამდე დარჩა 151 დღე და წამმზომი ჩართულია. თითოეული დღე იქნება მძიმე ბრძოლის, მოღალატე და ყველაფრის მკადრებელი ხელისუფლების დასამარცხებლად. თითოეული ჩვენგანი ვხდებით ჩვენი სამშობლოს, არჩევანის დაცვის ჯარისკაცები, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კორძაიას თქმით, ბრძოლა დღეიდან შედის გადამწყვეტ ფაზაში.
„ჩვენ, აქ მდგომი პოლიტიკოსები, გამოვხატავთ თითოეული თქვენგანის ნებას და ჩართული ვართ თქვენთან ერთად საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ, თქვენ წინაშე მდგარი პოლიტიკოსები, არ განვიხილავთ საკუთარ ადგილს არსად, სადაც არ ისმის საქართველოს მოქალაქის ხმა. ჩვენ, თქვენ წინაშე მდგომი პოლიტიკოსები აქ და ახლა, 2024 წლის 28 მაისს, დამოუკიდებლობის დღიდან მეორე დღეს ვართ შემსწრე, რუსეთის დავალებით როგორ მოაწერა ხელი დღევანდელმა კრიმინალურმა, მოღალატე ხელისუფლებამ საქართველოს რუსიფიკაციას. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შეურაცხყო ქართული ჯარი, რადგან პირდაპირ უთხრა, თურმე მოღალატე მთავარსარდალს ემსახურებიან. ამიტომ თითოეული მათგანის, ვინც ხმა მისცა, წარმართა და ხელი შეუწყო საქართველოს რუსიფიკაციას, მათი ერთიანი სახელი და გვარი არის სერგო ორჯონიკიძე. აქ მდგომი პოლიტიკოსები ვართ ამაყი, გამარჯვებულები, რადგან ჩვენ ვივლით საკუთარი სახელითა და გვარით, ვივლით თქვენთან ხელიხელჩაკიდებული, რადგან გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენ გვერდით და სამშობლოს სადარაჯოზე თქვენთან ერთად. ჩვენ აქ ვდგავართ, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მსოფლიოს ჩვენი უკომპრომისობა, რადგან უპირატესობა ჩვენ მხარესაა, მთელი ცივილიზებული სამყაროა ჩვენ გვერდით და მხარს გვიჭერს, ჩვენს ბრძოლას აფასებს, რადგან ბოროტებას დავარქვით ბოროტება, მშვიდობას – მშვიდობა, მოღალატეს – მოღალატე და მეგობარს – მეგობარი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთია პირველი მტერი, რუსეთმა მიიტაცა საქართველოს ტერიტორიები, რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინაში, რუსეთი დღეს კრიმინალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით იპყრობს საქართველოს. აუცილებლად თითოეული ორჯონიკიძე პირადად იგრძნობს თავისუფალი სამყაროს მკაცრ ხელს საკუთარი ერის არჩევანის განადგურების ხელშეწყობისთვის.
არჩევნებამდე დარჩა 151 დღე და წამმზომი ჩართულია. თითოეული დღე იქნება მძიმე ბრძოლის, მოღალატე და ყველაფრის მკადრებელი ხელისუფლების დასამარცხებლად. თითოეული ჩვენგანი ვხდებით ჩვენი სამშობლოს და ჩვენი არჩევანის დაცვის ჯარისკაცები. 151 დღე ძალიან ცოტაა იმ მაღალ მიზანთან შედარებით, რისთვისაც ვიბრძვით. ამიტომ აქ და ახლა ყველამ ვთქვათ ჩვენი სიტყვა და დავანახოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი სიტყვის ფასი. დავდოთ პირობა, რომ დავიცავთ ჩვენს არჩევანს, 2024 წლის ოქტომბერში დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას, რუსეთის დავალებების შემსრულებელ ხელისუფლებას. ვაჟღერებთ ჩვენს ხმას თავისუფალი სამყაროს ფარგლებში და ჩვენი საქმით შევიტანთ წვლილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვართ თავისუფალი ერი, სახელმწიფო და ოქტომბერში რეფერენდუმზე ამას დავამტკიცებთ. ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული „ქართული ქარტიის“ სულისკვეთებას, რადგან ჩვენი მიზანია საქართველოს გადარჩენა და საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს, საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან ერთად და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.