თამარ კორძაია - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება არის უპრეცედენტო თავხედობა, რადგან პრემიერ-მინისტრად წარადგინა ადამიანი, რომელიც არავის უნდა
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ეს არის უპრეცედენტო თავხედობა, ასეთი მასშტაბის თავხედობა არავის გამოუვლენია, რადგან მან წარადგინა პრემიერ-მინისტრად ადამიანი, რომელიც მას სურდა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, გიორგი გახარიას წინააღმდეგ არსებობს წარმოუდგენლად დიდი მუხტი, ის არავის არ უნდა პრემიერად.
„აქ ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი გადავიდა ხალხის დამცირებაზე, მათი ღირსების შელახვაზე და ის ძალიან ცუდად დაამთავრებს, რადგან ის შეეხო თითოეული ადამიანის ღირსებას. ივანიშვილი შევიდა კონფრონტაციაში საკუთარ მოქალაქეებთან დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის გადავიდა აგრესიულ პოლიტიკაზე ამას პოლიტიკაც აღარ ჰქვია, ამას ჰქვია ძალადობა“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ მთავრობაში 2017 წლის 13 ნოემბრიდან შინაგან საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობებს იკავებს. ასევე ის არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.