თამარ კორძაია - აშშ-ის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, გვსურს, კენჭისყრაზე დადგეს უკვე რეგისტრირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი, მივმართავთ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის
თამარ კორძაია - აშშ-ის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, გვსურს, კენჭისყრაზე დადგეს უკვე რეგისტრირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი, მივმართავთ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის

ოპოზიციონერი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს სახელმწიფოს მომავლის მხარდასაჭერად.

როგორც კორძაიამ ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტის ოპოზიცია ითხოვს რეაგირებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

„მიგვაჩნია, რომ დღეს თითოეული ადამიანი, საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე, ვალდებულია, გამოხატოს პასუხისმგებლობა და იმოქმედოს სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ გვსურს, საქართველოს პარლამენტში უახლოეს მომავალში კენჭისყრაზე დადგეს ინიცირებული საგამოძიებო კომისიის საკითხი და შევქმნათ საგამოძიებო კომისია. ამ მიზნით, ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ რიგგარეშე სხდომის მოწვევისთვის, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თითოეული პარლამენტის წევრი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას და რეაგირების არმოხდენა გახდება სანქცირების გაგრძელების საფუძველი, ასევე, ამ ქვეყნის განვითარების შეფერხების საფუძველი“, – განაცხადა თამარ კორძაიამ ერთობლივ ბრიფინგზე.

ამასთან, ხათუნა სამნიძის თქმით, მთელი საპარლამენტო ოპოზიცია არის გაერთიანებული ამ საკითხის ირგვლივ.

„როგორც იცით, საგამოძიებო კომისია არის რეგისტრირებული და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მისი კენჭისყრა. ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა მომავალი კვირის უახლოეს დღეებში და უკვე რეგისტრირებული საგამოძიებო კომისია, რომელსაც მხარს უჭერს მთელი საპარლამენტო ოპოზიცია, დადგეს კენჭისყრაზე. აშშ-ის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ არის ყველაზე ძლიერი და ერთგული მეგობარი ჩვენი ქვეყნის. ახლა კი, ჩვენი მანდატის ფარგლებში, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ გავაგრძელოთ დაწყებული საქმე და უკვე რეგისტრირებული კომისია შევქმნათ. ამ შექმნაში და კენჭისყრაში არის თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობა. ამიტომ ჩვენ ერთიანად მოვუწოდებთ ასევე ოპოზიციაში თითოეულ დეპუტატს, რომ ვიყოთ რიგგარეშე სხდომაზე, შევქმნათ საგამოძიებო კომისია და შევისწავლოთ ის კორუფციული ფაქტები, რაზეც საუბარია სანქცირების წერილში“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.