თამარ კორძაია - შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებული საკითხის მიზანი ოპოზიციის წინააღმდეგ უხერხული კამპანიის დაწყება იყო
თამარ კორძაია - შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ევრონესტის“ რეზოლუციასთან დაკავშირებული საკითხის მიზანი ოპოზიციის წინააღმდეგ უხერხული კამპანიის დაწყება იყო

არ შეიძლება, რომ დელეგაცია, რომელსაც სურს, შედეგზე გავიდეს, არ თანამშრომლობდეს ოპოზიციასთან და მხოლოდ გზად აჩვენებდეს რეზოლუციის ტექსტს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამის მიზანი იყო, საქართველოში უხერხული კამპანია დაეწყოთ ოპოზიციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას  კითხვა დაუსვეს რეზოლუციის პროექტზე, რომლის „ევრონესტის“ ასამბლეაზე ინიცირება ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო ვერ მოხერხდა.

„მთელი კამპანია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო, მიზნად ისახავდა ისეთი პრობლემების გადაფარვას, რაც იქნა გაჟღერებული „ევრონესტში“ ეკონომიკის კომიტეტზე. მაგალითად, საერთაშორისო ტრიბუნიდან გაისმა, რომ საქართველო და სომხეთი გამოიყენება რუსეთში სანქცირებული პროდუქციის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გადასაცემად. სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით აქ არავინ ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ევროპაში არ არიან სირაქლემას პოზიციაში და სიმართლეს უსწორებენ თვალს. ამიტომ მგონია, ამ პრობლემებზე საუბარი უფრო რელევანტურია. არ შეიძლება, რომ დელეგაცია, ხელმძღვანელი, რომელსაც სურს, შედეგზე გავიდეს, არ თანამშრომლობდეს საკუთარი პარლამენტის წევრებთან, ოპოზიციასთან და მხოლოდ გზად აჩვენებდეს რეზოლუციის ტექსტს, არ გავდიოდეთ მის შინაარსს და არ გვთავაზობდეს ჩვენი წინადადებების გათვალისწინებას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, საქართველოში უხერხული კამპანია დაეწყოთ ოპოზიციის წინააღმდეგ. პროცესი არ იყო შედეგზე ორიენტირებული.

რაც შეეხება თავად რეზოლუციას, ის შეეხებოდა სამ ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას. ვთქვათ, ჩვენ ვართ ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ გვინდა, რომ საქართველო იყოს სათანადოდ წარმოჩენილი, მაშინ რას აკეთებენ გულანთებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რათა 110-დან ათი ხელმოწერა შეაგროვონ? ათიც არ სჭირდებოდათ, ოთხნი თვითონ იყვნენ და ექვსი სჭირდებოდათ დამატებით. ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ უკრაინელებს ეხებოდათ ეს ყველაფერი და უკრაინელებთან საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონიათ, რომ ხელმოწერა ჰქონოდათ. ამიტომ შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოსთვის გამიზნული კამპანიის ნაწილი იყო და არა რეალურად შედეგის მისაღწევად გაკეთებული რეზოლუცია.

კითხვაზე, რა შეფასებას გააკეთებდა  „ქართულ ოცნების“ განცხადებებზე, რომ უკრაინელებთან რეზოლუციის საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდათ, კორძაიამ აღნიშნა:

„ტყუილია, ამასთან დაკავშირებით უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ მათთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ“, – განაცხადა კორძაიამ.

„ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივაზე რეზოლუციის ინიცირება ვერ მოხერხდა ქართული ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო. ოპოზიციიდან დელეგაციაში შედიოდნენ: გიორგი ვაშაძე, გიორგი ბოტკოველი, ანა წითლიძე და თამარ კორძაია.