თამარ ხულორდავა - რუსეთის დესტრუქციული პოზიციის შედეგია, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდიც უშედეგოდ დამთავრდა
რუსეთის დესტრუქციული პოზიციისა და დამოკიდებულების შედეგია ის, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდიც ისეთივე უშედეგოდ დამთავრდა, როგორც აქამდე გამართული რაუნდები – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ რუსეთის მხარეს არ აქვს ნება, კონფლიქტი გადაწყდეს და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.
“ეს შედეგი სამწუხაროა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ამ საკითხებზე ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოებას საერთო პოზიციები გვაქვს”, – განაცხადა ხულორდავამ.