თამარ ხულორდავა - მნიშვნელოვანია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორე დაადასტურა
მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი და სამართლიანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ ხულორდავამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ის, რაც დღეს გამოცხადდა. განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც „რუსთავი 2“-ს შეეხება, რადგან ყველაზე მეტი პოლიტიკური სპეკულაცია იყო ამ საქმეზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ევროპულმა სასამართლომ, უმაღლესმა ინსტანციამ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, დღეს დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო სწორი და სამართლიანი, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“ – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, ევროპული სასამართლო მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.
„ვფიქრობ, დაფიქრება მართებს იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც ასეთ სპეკულაციაში ჩაერთვებიან და ასეთი სახის ბრალდებებს გაახმოვანებენ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მკაფიოა, არ ტოვებს ინტერპრეტირების შესაძლებლობას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში ამ საქმეზე მართლმსაჯულება განხორციელდა სამართლიანად და სწორად“, – განაცხადა ხულორდავამ.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.