თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტის ანგარიშში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შეფასება აისახა
საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშში აისახა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შეფასება, რომ ის კონკურენტულ გარემოში, ძალადობის გარეშე ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.
„ანგარიში მომზადებულია ზაფხულში და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც ქვეყანამ გაიარა, არის არჩევნების პირველი ტური. პირველი ტურის შეფასება აისახა ანგარიშში, სადაც ევროპარლამენტი საუბრობს იმაზე, რომ პირველი ტური ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ძალადობის გარეშე და მიესალმება ამას. აქვე ევროპარლამენტი გამოთქვამს წუხილს, რომ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ ეძლევათ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა რუსული ოკუპაციის გამო“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
დეპუტატის თქმით, ევროპული ინტეგრაცია ძალიან რთული პროცესია.
„ჩვენმა კოლეგებმა ევროპარლამენტში განსაკუთრებით მათ, ვინც ცოტა მოგვიანებით შეუერთდა ორგანიზაციას და გაიარა ეს გზა, ძალიან კარგად იციან, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, საქართველო მასშტაბურ რეფორმებს ახორციელებს, მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის ძალიან სერიოზული გადახედვა.
„ამ პროცესს სჭირდება ევროპული სამართლის ძალიან კვალიფიციური ცოდნა, გათვლა, თუ რა სოციალურ და სხვადასხვა შედეგებს შეიძლება ელოდოს ქვეყანა ამ სამართლებრივ სივრცესთან ჰარმონიზაციის შედეგად“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ.
ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 მომხრე ხმით მიიღო. კენჭისყრაზე წინააღმდეგი 97 დეპუტატი იყო. საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის ავტორი ევროპარლამენტის დეპუტატი ანდრეს მამიკინსია.