თამარ ხულორდავა - ევროპარლამენტის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ძლიერი სწრაფვა ევროკავშირისკენ
ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში განიხილეს.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ანგარიშში განსაკუთრებით არის ხაზგასმული საქართველოს ძლიერი სწრაფვა ევროკავშირისკენ, საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციისადმი და მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი.
მისივე ინფორმაციით, ანგარიშში ბევრი პოზიტიური შეფასებაა, მათ შორის: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება; კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან წარმატებული ბრძოლა; პლურალისტული და თავისუფალი მედიაგარემო; ეკონომიკური ინტეგრაცია და საკანონმდებლო დაახლოების ინტენსიური პროცესი.
„ეს ანგარიში ძალიან მოკლეა ყველა იმ პროგრესის გადმოსაცემად, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმების დადებიდან დღემდე. ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი მიმოსვლა უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები სარგებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ანგარიშში ვკითხულობთ რეკომენდაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარონ და ამით ხელი შეუწყონ უვიზო მიმოსვლით შეუფერხებელ სარგებლობას“, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
თამარ ხულორდავა მადლობას უხდის საქართველოს მეგობრებს თანამშრომლობისა და პოზიტიური შეფასებისთვის.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ანგარიში მომხსენებლის, ანდრეი მამიკინსის სახელით ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ წარადგინა.