ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული ანგარიშის პროექტში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის ანგარიში ნათლად და მკაფიოდ მიუთითებს, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და თანმიმდევრულად მიუყვება ევროპული ინტეგრაციის გზას.
„ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან და პოზიტიურად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების თაობაზე. ევროპელი პარტნიორები ხაზს უსვამენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების სწორ და უწყვეტ კურსს, ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ განვითარებას, იმას, რომ საჯარო დაწესებულებებში ღიაობის და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტია უზრუნველყოფილი, რაც საქართველოს წარმოაჩენს, როგორც ევროკავშირის მთავარ პარტნიორს რეგიონში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმისადმი, მთლიანად ემთხვევა ვენეციის კომისიის ძალიან პოზიტიურ შეფასებას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპარლამენტი მიესალმება სასამართლო რეფორმას, რომლის შედეგადაც სასამართლო სისტემაში მეტი მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი. ასევე, ხაზგასმულია ცალსახა გაუმჯობესება მედია გარემოს თვალსაზრისითაც. ამ მხრივ ევროპარლამენტის ანგარიშში მოყვანილია მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის 2018 წლის შედეგები.
„დოკუმენტში, ბუნებრივია, გარკვეულ შენიშვნებსა და გამოწვევებზეც არის საუბარი. მათ შორის ნახსენებია „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელზეც, სახელმწიფო ზედმიწევნით ასრულებს ევროსასამართლოს დროებით ღონისძიებას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, ანგარიში ხაზს უსვამს საქართველოს მიღწევებს კორუფციასთან ბრძოლაში, რაც ანტიკორუფციული გარემოს კუთხით, რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებს განაპირობებს.
„ზოგად რეკომენდაციად, ბუნებრივია, რჩება კორუფციასთან ბრძოლის კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ამ მხრივ, ჩვენ უკვე მივაღწიეთ მაღალ შედეგებს. მსოფლიო ბანკის რეიტინგის მიხედვით, საქართველომ კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით უკანასკნელ წლებში დიდი პროგრესი განიცადა და ევროპის მასშტაბით 36-ე ადგილიდან, საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე დაწინაურდა. შესაბამისად, 2012 წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია აღნიშნულ ინდიკატორში 17 ადგილით გაუმჯობესდა და ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას უსწრებს (ესპანეთი, იტალია, მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ხორვატია და სხვ.. ). ცხადია, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით და ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ევროპის პირველ ხუთეულში დავიმკვიდროთ ადგილი“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რეზოლუციაში პოზიტიურად არის შეფასებული ვაჭრობის სფეროში საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი, ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის ჩატარებული სტრუქტურული რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური სარგებლის მიღების შესაძლებლობა.
„დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. აღნიშნულია, რომ 10 წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ხაზგასმულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. პოზიტიურად არის შფასებული საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.
ამასთანავე, ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან თანმიმდევრული, კოორდინირებული, ერთიანი და მტკიცე პოზიციის დაფიქსირების აუცილებლობას რუსეთის საოკუპაციო და ანექსიის პოლიტიკის წინააღმდეგ“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, ძალიან საგულისხმოა, ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით გაკეთებული შეფასებები.
„უვიზო მიმოსვლას ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მიესალმება და ამ მხრივ გამოყოფს იმ ძალიან სწრაფ, ეფექტურ და ქმედით ნაბიჯებს, რომელიც ხელისუფლებამ გაატარა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის განხორციელების თვალსაზრისით რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისივე თქმით, ანგარიშით ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებს კიდევ უფრო გაზარდოს ფინანსური დახმარება საქართველოსადმი.
„ევროპარლამენტი ამ ანგარიშში ევროკომისიასაც, ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებსაც აძლევს რეკომენდაციებს და მოუწოდებს, რომ გაზარდონ ფინანსური დახმარება საქართველოს მიმართ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ მეტი ფინანსური ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი ევროკავშირის მხრიდან, რომ ყველა ის რეფორმა რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უკეთეს, ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბებას იყოს რეალობად ქცეული“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ამ ანგარიშში არის ძალიან პოზიტიური შეფასებები, არის ისეთი შეფასებებიც, სადაც გარკვეული სუბიექტური ქვეტექსტი შეიძლება იკითხებოდეს.
„ევროპარლამენტი პოლიტიკური ორგანოა და ბუნებრივია, ყველა პოზიცია ვერ იქნება დაცლილი სუბიექტივიზმისგან, რიგ რეკომენდაციებზე შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, თუმცა ჩვენ დიდი ყურადღებით ვეკიდებით ევროპარლამენტის რეკომენდაციებს და ადეკვატური ნაბიჯებით ვპასუხობთ მათ. ჩვენი ეს ჯანსაღი დამოკიდებულება პოზიტიურად არის ასახული რეზოლუციის მთლიან სულისკვეთებაში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ანგარიშის საბოლოო ტექსტს ევროპარლამენტარები უკვე ნოემბერში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე უყრიან კენჭს.