თამარ ხულორდავა - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი ეტაპი გაჩნდა
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაში ახალი ეტაპი გაჩნდა.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას უამრავი რეფორმა ძალიან კარგად წამოაჩინა. ხულორდავას თქმით, დავით ზალკალიანმა ყველა კითხვას სრულყოფილი პასუხები გასცა.
ამასთან, აღნიშნა, რომ დაისვა კრიტიკული კითხვები და გაკეთდა პოზიტიური შეფასებები, რაც ევროპარლამენტისთვის ბუნებრივია, რადგან პოლიტიკური ორგანოა.
„შესაძლებლობა გვაქვს, ევროკავშირის წარმომადგენლებს უმაღლეს დონეზე ვესაუბროთ. ევროკომისრები და საქართველოს მთავრობა პირდაპირ საუბრობენ იმაზე, შემდგომი ინიციატივები რა შეიძლება იყოს და ევროკავშირის მხარდაჭერა რა მიმართულებით გვაქვს. მნიშვნელოვანი ინიციატივების დაყენების შესაძლებლობა იყო.
რაც შეეხება ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას, შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს წარედგინა ასოცირების შეთანხმების განხორციელების ის რეფორმები, ამბიციები და ეტაპები, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირის მიმართულებით. დავით ზალკალიანმა უამრავი ნაბიჯი და რეფორმა ძალიან კარგად წარმოაჩინა, რაც ამ მიმართულებით გადაიდგა. კრიტიკული კითხვები დაისვა და პოზიტიური შეფასებები გაკეთდა, რაც ევროპარლამენტისთვის ბუნებრივია, რადგან პოლიტიკური ორგანოა. სამმა ევროპარლამენტარმა ის საკითხი დააყენა, რომელიც მათი პარტიული პოლიტიკური ორგანიზაციისგან მიიღეს. ჩემთვის მთავარი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა კითხვებს ღიად უპასუხა და სრულყოფილი პასუხები გასცა.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპის სახალხო პარტია“ ერთი პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლები არიან, ამ პარტიას პარტიული, პოლიტიკური ინტერესი აქვს. უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეწყვეტაზე საუბარი არ არის, ეს სრული სპეკულაციაა, საფრთხე არც უვიზო მიმოსვლას და არც არაფერს არ ემუქრება“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.