თამარ იოსელიანი - რუმინეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება პროცედურების დაცვით მოხდება
რუმინეთში, კონსტანცას პორტში, გემზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ რუმინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაუდასტურეს.
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გუშინ შემოვიდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის, მეზღვაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. დეტალები ზუსტდება როგორც ჩვენი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ იოსელიანმა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება შესაბამისი პროცედურების მიხედვით მოხდება.
ამასთან, როგორც რუმინული ziuaconstanta.ro იუწყება, გარდაცვლილი 66 წლისაა და სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემის მეორე კაპიტანია. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ექიმებს 66 წლის მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. სავარაუდო მიზეზად ინფარქტი სახელდება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი რუმინულ პორტში რამდენიმე დღის წინ შევიდა. ხომალდით რუმინეთში ხორბალი ჩაიტანეს. მოგვიანებით, გემმა პორტი დატოვა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, კონსტანცაში დაბრუნდა.