თამარ გაბუნიამ პირველადი ჯანდაცვის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ყაზახეთში, პირველადი ჯანდაცვის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება რეგიონში ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა.
კონფერენციის ფარგლებში თამარ გაბუნია პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა, სადაც 2018 წლიდან დღემდე ევროპის ქვეყნებში პირველადი ჯანდაცვის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს. მინისტრის მოადგილემ საქართველოში ამ კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს. მათ შორის, აქცენტი გააკეთა სტანდარტიზებულ ელექტრონულ საინფორმაციო და სამედიცინო ჩანაწერების საყოველთაო ელექტრონულ სისტემებზე, ტელემედიცინაზე, ელექტრონული რეფერალის პლატფორმაზე.
თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაქალაქსა და რეგიონებში, სხვადასხვა სოფლის ამბულატორიებში მოქმედებს. პანელურ დისკუსიაზე მინისტრის მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე. პირველადი ჯანდაცვის გლობალური კონფერენცია ყაზახეთის დედაქალაქში ჩატარდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, ევროპის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები და მოადგილეები, ევროკომისიისა და „იუნისეფის“ მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.