თამარ გაბუნია - თითოეული დაინფიცირებული ექიმი ჩვენთვის საგანგაშო ნიშანია, თავს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან თქვენზე დგას ეს სისტემა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან შეხვედრისას მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების მიუხედავად, მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა, რაც საყურადღებოა.
გაბუნიამ ექიმებს შესთავაზა, ისაუბრონ პრობლემებზე, რომელიც მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, ინფიცირების შემთხვევებს უკავშირდებოდეს.
„ის, რომ ჩვენ პირადი დაცვის საშუალებები გვაქვს, ის, რომ ვიცით პირადი დაცვის საშუალებები როგორ უნდა გამოვიყენოთ, ის, რომ ვიყენებთ და მაინც არის ეს შემთხვევები, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა და ჩვენ თქვენგან გვინდა მოვისმინოთ ის პრობლემები, რაც მიგაჩნიათ, რომ შესაძლოა, უკავშირდებოდეს ინფიცირების ამგვარ შემთხვევებს.
თავს უნდა გაუფრთხილდეთ, რადგან თქვენზე დგას ეს სისტემა და თითოეული დაინფიცირებული ექიმი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის საგანგაშო ნიშანია, იმდენად, რამდენადაც ეს ნიშნავს დაცვის ხარისხს და ასევე ეს ნიშნავს ჩვენს პოტენციალს ეფექტური პასუხისთვის. სწორედ ამიტომ ველოდებით თქვენგან მოსაზრებებს, კომენტარებს, რა გჭირდებათ და რით შეიძლება დაგეხმაროთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.