თამარ გაბუნია - „სინოფარმის“ 40 000-მდე დოზა უკვე გამოყენებული ან დაჯავშნილია, ახლო მომავალში ვაქცინაცია პენიტენციური სისტემის ფარგლებშიც დაიწყება
„სინოფარმის“ დიდი ნაწილი, 40 000-მდე დოზა უკვე გამოყენებული ან დაჯავშნილია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 10 000 დოზა გათვალისწინებულია სტრატეგიული ჯგუფებისთვის. ამასთან, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ახლო მომავალში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება პენიტენციური სისტემის ფარგლებშიც.
„დაახლოებით 10 000 დოზა არის დარეზერვებული სტრატეგიული ჯგუფებისთვის, ესენია პოლიცია, პენიტენციური სისტემა. მოკლე ხანში დაიწყება ვაქცინაცია პენიტენციური სისტემის ფარგლებში. ასევე დაიწყება სტრატეგიული ვაქცინაცია მედიისთვის და ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის. ამ ეტაპზე იქნება შედარებით ნაკლები მოცვით, ვინაიდან დარეზერვებული დოზების უდიდესი ნაწილი დასჭირდება პოლიციას და პენიტენციურ სამსახურს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
„ასტრაზენეკას“ მარაგთან დაკავშირებით კი ჯანდაცვის მინისიტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ გარკვეული დოზების თავისუფალი რაოდენობა ჯერ არის.
„ასტრაზენეკას“ მარაგს რაც შეეხება, დამატებით შემოვიდა 43 ათასი დოზა. ვვარაუდობთ, რომ დამატებით დოზებთან ერთად, შესაძლებელია, 8-10 ათასი თავისუფალი ჯავშანი „ასტრაზენეკაზე“ კიდევ გაკეთდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მალევე დაემატება „ასტრაზენეკას“ დოზები „კოვაქსის“ პლატფორმიდან, რაც მოგვცემს საშუალებას, მეორე დოზა შესრულდეს უკვე ახალჩამოსული პარტიიდან. ასე რომ, „ასტრაზენეკას“ გარკვეული დოზების თავისუფალი რაოდენობა ჯერჯერობით გვაქვს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.