თამარ გაბუნია - საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ესწრებოდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომას, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის მისი მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღევანდელ საბჭოზე იყო მსჯელობა მწვანე საშვის კონცეფციასთან დაკავშირებით.
„ყველა პარამეტრის, როგორც ადამიანის უფლებების კუთხით, ასევე ფინანსური და ეკონომიკური ზეგავლენის კუთხით, ბიზნესაქტივობებეზე ზემოქმედების კუთხით, ყველა ამ მიმართულებით გარკვეული საკითხები დაზუსტდება და ამ საკითხების განსახილველად საბჭო შეიკრიბება დამატებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ დღევანდელ კატასტროფულ ეპიდვითარებაზე ყველა პასუხისმგებელია.
„მივმართავ ხელისუფლებას, პანდემიასთან დაკავშირებით მკაცრი ზომები მიიღოს, სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.