თამარ გაბუნია - სახელმწიფო აქტიურად მუშაობს სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზებაზე, მარაგები მუდმივად ივსება
არის მზაობა, რომ დიდი ზომის კლინიკები, რომელიც მობილიზებულია, არც ერთი წუთით არ დარჩეს დაცვითი საშუალებების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ აქამდე ძალიან დიდი რაოდენობით შეისყიდა თითოეული ნივთი, საუბარია, რამდენიმე ასეულ ათას ნივთზე.
„მოხმარების მაჩვენებელი და საჭიროებაც არის ძალიან მაღალი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეხმარება იმ მარაგების საჭირო რაოდენობის დადგენაში, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს. საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ამ მარაგების. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა როგორც დონორების, ასევე სახელმწიფო მხრიდან საჭირო ნივთების მობილიზებაზე, ასე რომ, მარაგები მიმდინარე პერიოდში მუდმივად ივსება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კლინიკები, რომლებიც დღეს განსაკუთრებით მწვავედ აყენებენ მარაგების არსებობის თემას, ეს არის კლინიკები, რომლებიც არიან მცირე ზომის, რაიონულ დონეზე, სადაც ნაკლებად სავარაუდო იყო ინფექციური პაციენტის მოხვედრა. ამ კლინიკებისთვისაც მოკლე ხანში იქნება მობილიზებული მარაგების ის ნაწილი, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ. თუმცა, აქაც მნიშვნელოვანია მარაგების რაციონალური მოხმარება. მძიმე ეკიპირება ანუ დაცვის სრული კომბინიზონი ან სხვა საშუალებები, რომლებსაც ვიყენებთ კლინიკებში, რომლებშიც იმყოფება დიაგნოსტირებული კოვიდიანი პაციენტები, ყველა კლინიკაში იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ასეთი აღჭურვილობა საჭირო იქნება, აქ არის საუბარი ბაზისურ აღჭურვილობაზე. ეს რეკომენდაციებიც გამოიცა, უკვე მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის შეფასების საფუძველზე, რომელიც გასული ორი კვირის განმავლობაში საქართველოში იყო. მან ცხრა კლინიკა შეაფასა, ინფექციის კონტროლისა და პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენების მზაობის კუთხით. ახლა იგეგმება ტრენინგების ახალი ნაკადი, რაც კონკრეტულად მიმართული იქნება მცირე ზომის რაიონულ კლინიკებზე, ასევე მზაობაა, რომ დიდი ზომის კლინიკები, რომელიც მობილიზებულია, არც ერთი წუთით არ დარჩეს დაცვითი საშუალებების გარეშე“, – განაცხადა გაბუნიამ.