დღეს დაიწყო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი, საუბარია ონლაინკონსულტაციის მოდელზე და მიმდინარე მეთვალყურეობაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სადაზღვევო კომპანიებთან, რომ დაზღვეულ პირს, კოვიდინფიცირების შემთხვევაში, ადეკვატური სამედიცინო სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეს.
„სადაზღვეო კომპანიებთან ბოლო პერიოდში აქტიური მუშაობა გვქონდა. ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა ინიცირება, მთავრობის დადგენილებაში ცვლილების, რომელიც განსაზღვრავს სადაზღვეო კომპანიების ვალდებულებებს „კოვიდთან“ მიმართებაში პაციენტის ფორმირების კუთხით და იმ სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, რასაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტები იღებენ ოჯახის ექიმებისგან და ასევე შემთხვევის მართვის კუთხით. ამ მიმართულებით დღეს უკვე დაიწყო, სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების ტრენინგი, ამ შემთხვევაში, საუბარი მაქვს ონლაინ კონსულტაციის მოდელზე და მიმდინარე მეთვალყურეობაზე. სხვა დანარჩენ სერვისებთან დაკავშირებით, ჩვენ ვმუშაობთ სადაზღვეო კომპანიებთან იმისთვის დაზღვეულ პირს კოვიდინფიცირების შემთხვევაში ჰქონდეს ადეკვატური დაფარვა სამედიცინო სერვისით, ისე როგორც ეს ხდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.