თამარ გაბუნია - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი სრულად მართავს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის დეპარტამენტი სრულად მართავს.
„გლდანის დაწესებულების საავადმყოფოს შეფასება რეგულერების სააგენტომ განახორციელა და დასკვნა ცნობილია. ეს არის ე.წ. ცე-ტიპის მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც სერვისს რამდენიმე მიმართულებით ახორციელებს. ბოლო პერიოდში ახალი აღჭურვილობის მობილიზება მოხდა ინტენსიური რეანიმაციული თერაპიის განყოფილების გაძლიერებისთვის. ასევე, მიმდინარეობს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონტაჟი, რომელიც მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას განმარტებით, გლდანის ციხის საავადმყოფოში სრული პირობები არსებობს იმისთვის, რომ შიმშილობის პროცესში მყოფ ადამიანს სათანადო დახმარება აღმოუჩინონ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი შემთხვევების მართვა შესაძლებელია და კლინიკა აღჭურვილია.
თუმცა, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ სამედიცინო კუთხით საჭიროებების შეცვლის შემთხვევაში, დამატებითი რესურსის მობილიზება იქნება საჭირო.
„სრული პირობები არსებობს იმისა, რომ ამ კლინიკაში შიმშილობის პროცესში ადამიანზე ინტენსიური მეთვალყურეობა და სათანადო დახმარების აღმოჩენა მოხდეს. ამ ეტაპზე მსგავსი შემთხვევების მართვა შესაძლებელია და კლინიკა აღჭურვილია. სამედიცინო კუთხით საჭიროებების შეცვლის შემთხვევაში, დამატებითი რესურსის მობილიზება იქნება საჭირო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.