თამარ გაბუნია - რეფორმის მთავარი მიზანია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი
თამარ გაბუნია - რეფორმის მთავარი მიზანია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი

პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების წარმომადგენლების შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებები და დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შენიშვნების და მოსაზრებების მოსმენაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს ეხება, როგორც ფასების დადგენისა და გათანაბრების პროცესს, ასევე სტრატეგიული შესყიდვების პროცესს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებას, ადამიანური რესურსების მიმართულებით სისტემის საჭიროების შესწავლას და სამედიცინო მომსახურების მოდელის დასავლურ მოდელთან მიახლოებას.

„მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ ტარიფები, რომლებიც განისაზღვრა კარდიოქირურგიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით, ძალაშია. ამჟამად, ჩვენ თემატურ ჯგუფებთან ერთად ვმუშაობთ დამატებითი ხელოვნური კოდის შექმნაზე კრიტიკული მდგომარეობების იმ ძვირადღირებული ნოზოლოგიებისთვის, რომელიც სტანდარტული მეთოდოლოგიით მოცული არ ყოფილა. ეს დასრულდება მომავალი კვირის ბოლომდე. ასევე უკვე განსაზღვრულია ახალი ჯგუფი ნოზოლოგიების, ეს არის, რაზეც მოდის ჯანდაცვის პროგრამის დანახარჯის თითქმის 80 პროცენტი, მაგრამ ნოზოლოგიები ბევრი არ არის, 20-30-ია,  რომელზედაც განფასების პროცესი პირველი იანვრიდან დაიწყება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება საკითხს, რატომ გვიანდება სახელმწიფოს მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის თანხის ანაზღაურება, მინისტრის მოადგილე ამას ტექნიკურ ხარვეზებსა და ფინანსების მობილიზების პრობლემას უკავშირებს.

„იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები, კლინიკებს დასაზუსტებლად დაუბრუნდათ გარკვეული თანხები და ამის გამო გადავადდა ანაზღაურება.ასევე იყო ფინანსების მობილიზების თემაც“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს კლინიკებისთვის ანაზღაურების პროცესი.

„ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რომ საკითხი გადაიჭრას უმოკლეს ვადაში. მიმდინარე რეფორმის მთავარი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსური მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი და მომავალ წელს კიდევ არ მოგვიწიოს დავალიანების თემაზე საუბარი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.