თამარ გაბუნია - პედიატრიული შემთხვევების რიცხვი ბოლო პერიოდში გაიზარდა, საბედნიეროდ, ინფიცირებულთა უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რის გამოც მობილიზებულია ჰოსპიტლების ქსელი, ასევე მიმდინარეობს მუშაობა კოვიდსასტუმროების ქსელის გაფართოებაზე.
„გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 2 261 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18. შემთხვევების რაოდენობა მაღალია, რაც ჩვენთვის თავისთავად განსაკუთრებული ყურადღების საგანია. მობილიზებული რჩება ჰოსპიტლების ქსელი, ასევე მიდის მუშაობა სასტუმროების ქსელის გაფართოებაზე“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, ბოლო პერიოდში ბავშვებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, თუმცა ძირითადად დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.
„ბოლო პერიოდში მოიმატა პედიატრიული შემთხვევების რიცხვმა. იყო ერთეული შემთხვევები მძიმე მიმდინარეობის. სამწუხაროდ, ორი გარდაცვალებაც დაფიქსირდა ახალშობილებში, თუმცა სხვა შემთხვევების უმეტესობა საბედნიეროდ არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. შედარებით გახანგრძლივებულ ჰოსპიტალიზაციას ვაკვირდებით ბოლო პერიოდში, რაც ასევე საყურადღებოა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე პრევენციის მთავარ მექანიზმად კვლავ ვაქცინაციას ასახელებს.
„დღეისთვის მთავარი მექანიზმი რჩება ისევ და ისევ ვაქცინაციის პროგრამა. ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა არის იმდენი, რომ სრულად ეყოს სამიზნე მოსახლეობას, რაც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული წლის ბოლომდე მოცვისთვის. ეს არის მილიონ ნახევარი „სინოვაკი“ და „სინოფარმი“, ორივე ძალიან მაღალი ეფექტურობით ხასიათდება. ჩვენთვის დღეს მთავარი არის ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემცირება. ორივე ამ ვაქცინას ახასიათებს ძაღიან მაღალი მაჩვნებლები ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის თავიდან აცილებისთვის. ამდენად, მთავარი გადაწყვეტა ჩვენთვის არის ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება. ველოდებით ასევე „ფაიზერის“ დოზების მოწოდებას. თვის ბოლომდე გვექნება შესაძლებლობა, სამივე ვაქცინით მოვიცვათ მოსახლეობა, როგორც დიდ ქალქებში, ასევე რაიონებში და სოფლის დონეზეც. აგრეთვე მიმდინარეობს „ასტრაზენეკათი“ მეორე დოზების ვაქცინაცია“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია.