თამარ გაბუნია - პანდემიის პირობებში საწოლების მობილიზების მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, აღწერილი იყო მთავრობის დადგენილებაში
პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან საწოლების მობილიზების მექანიზმი, რომელიც სამინისტრომ გამოიყენა, შეთანხმებული იყო სამთავრობო უწყებასთან და ეს მექანიზმი აღიწერა მთავრობის დადგენილებაში, რითაც ვმუშაობდით ამდენი ხნის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ეს არის მექანიზმი, რომელიც გამოიყენა გერმანიამაც პანდემიის მართვისთვის და ეს არის სარეზერვო საწოლების გათვალისწინებით, საწოლფონდის ანაზღაურება.
„მიუხედავად იმისა, საწოლი იმ მომენტში დატვირთულია თუ არა, გარკვეული ანაზღაურება, ეს გამომდინარეობდა იქიდან, თუ რა ხარჯი აქვს კლინიკას, როგორც კომუნალური გადასახდების, ასევე პერსონალისთვის ბაზისური ხელფასის გადახდის კუთხით, ეს იყო მექანიზმი, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ.
ჰოსპიტალში 10 პაციენტი მკურნალობს კოვიდის მიზნებისთვის თუ 100, ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დარჩეს ფუნქციონირებულ მდგომარეობაში, ჰყავდეს მობილიზებული სამედიცინო პერსონალი. რა თქმა უნდა, ეს არის შეთანხმებული მექანიზმი და აღწერილია პროგრამაში. ეს არის სტანდარტული ანაზღაურების წესი. კოვიდის პროგრამაში იყო სამ კომპონენტია ანაზღაურება: მობილიზებული საწოლებისთვის, პერსონალის დანამატი და მესამე, ფაქტობრივი ანაზღაურების ხარჯი, რომელსაც აუდიტი მიმდინარე პერიოდში სწავლობს. აუდიტის შედეგები ყველასთვის გახდება ცნობილი“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, კლინიკებს ურიცხავდნენ მიზნობრივად იმ თანხებს, რომელიც გაწერილია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
„სხვანაირად სახელმწიფო გადამხდელი ერთ თეთრს ვერ გადაიხდის, თუ ეს არ არის გაწერილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აუდიტი რამდენიმე კლინიკაშია, ჩამონათვალი არ მაქვს. ესეც სტანდარტული პროცესია, რომ ვიცოდეთ, რა დაიხარჯა“, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პანდემიის დროს კოვიდკლინიკების თითოეულ ცარიელ საწოლზე 120+60 ლარს იხდიდა სახელმწიფო. „ეს მიუღებელია, მოქალაქეებისა და ბიუჯეტის ხარჯზე, სახელმწიფო კლინიკებს ამდიდრებდეს“.