თამარ გაბუნია - ქვეყანაში მულტიორგანული ანთების სამკურნალო მედიკამენტის დეფიციტი არ არის, შავ ბაზარზე მის მოპოვებას არავინ შეეცადოს
მულტიორგანული ანთების სინდრომის შესახებ რამდენიმე თვის უკან გახდა ცნობილი სამედიცინო საზოგადოებისთვის, როცა ბრიტანეთში და აშშ-ში ეს შემთხვევები დაფიქსირდა, ჩვენთან ვირუსის მატების შემდეგ გავიდა ერთი თვე და დაიწყო ამ სინდრომმაც გამოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოში მულტიორგანული ანთების სინდრომის 60-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.
„შემთხვევათა დიდი ნაწილი მსუბუქად მიმდინარეობდა. ბავშვების უმრავლესობა მკურნალობდა იაშვილის კლინიკაში, ასევე „ნიუჰოსპიტალსა“ და კიდევ რამდენიმე კლინიკაში. დაავადების პროტოკოლი პედიატრებმა 10 ნოემბერს მოამზადეს. შემთხვევათა დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, მათ შორის საჭიროა სტეროიდებიც. იმუნოგლობულინი აქვთ იმ კლინიკებს, ვინც მედიკამენტს სხვა მიზნებისთვის ადრეც იყენებდა. იაშვილის კლინიკაში ამ კონკრეტულ მომენტში დეფიციტი არ არის. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს აფინანსებს ფაქტიური ანაზღაურებით. მედიკამენტით უზრუნველყოფა არის საავადმყოფოს, ხოლო ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამ მედიკამენტის შავ ბაზარზე მოპოვებას არავინ შეეცადოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.