თამარ გაბუნია - მსოფლიოში უპირატესობა ენიჭება ინსპექტირებას, რომელიც მოულოდნელად ტარდება, კლინიკები არ ხვდებიან მომზადებული, რათა რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს რეალური სურათის დანახვის შესაძლებლობა
მთელ მსოფლიოში დღესდღეობით უპირატესობა ენიჭება ინსპექტირებას, რომელიც მოულოდნელად ტარდება, ანუ იმგვარად, რომ კლინიკები არ ხვდებიან წინასწარ მომზადებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მოულოდნელად ინსპექტირების ჩატარება იმიტომ ხდება, რომ რეგულირების სააგენტოს უფრო რეალური სურათის დანახვის შესაძლებლობა ჰქონდეს.
„პირველი მოტივაცია ჩვენთვისაც ეს იყო, რადგან ბოლო პერიოდში დაგროვდა შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერები განსხვავდებოდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩანაწერებისგან იმგვარად, რომ კლინიკური სურათის მიმდინარეობა არ შეიძლებოდა, ისეთი ყოფილიყო, როგორც ეს იყო, მაგალითად, სამედიცინო დოკუმენტაციაში. შემდეგ ჩვენ გვიწევს ამ საქმეების განხილვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან ერთად და, რა თქმა უნდა, ეს მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. ამდენად, უფრო სამართლიანი იქნება, პაციენტის საჩივარზე რეაგირებისთვის რეგულირების სააგენტოს პირდაპირ ჰქონდეს შემოწმების შესაძლებლობა დამატებითი პროცედურის გარეშე, რაც არის სასამართლოს ნებართვა, 72-საათიანი პერიოდი“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამ განცხადებით თამარ გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ დადგა კანონში ცვლილებების აუცილებლობა ახლა და რამ გამოიწვია დამატებითი რეგულაციების შემოღების საჭიროება.
მისი თქმით, პირველი პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია ოპერატიულობის ნაწილი და ობიექტურად შეფასება, ხოლო შემდეგ, როდესაც უკვე მარეგულირებელი დარღვევებს აღმოაჩენს, დგება ახალი მექანიზმი, რომელიც კანონპროექტშია შეთავაზებული.
„ეს არის ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების მექანიზმი, რომელიც დღეს არ არის. დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაუქმების მექანიზმი და ვიდრე საქმე გაუქმებამდე მივა, მანამდე მთელი რიგი ეტაპები უნდა გაიაროს კლინიკამაც და მარეგულირებელმაც. ეს ეტაპები ითვალისწინებს რამდენჯერმე დაჯარიმებას, მაგალითად, სამჯერ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯარიმებს შორის ინტერვალი შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამი თვე, გააჩნია, რამდენად სერიოზულ დარღვევათან გვაქვს საქმე. კლინიკა მაინც აგრძელებს მუშაობას. რა თქმა უნდა, პაციენტისთვის გარემოებები რისკის შემცველი რჩება. ამდენად, ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების მექანიზმი, გარკვეულწილად, არის შუალედური, მეტად მოქნილი მექანიზმი როგორც მარეგულირებლისთვის, ასევე კლინიკისთვისაც, რადგან მას არ მოუწევს, სრულიად დაკარგოს ნებართვა და მერე თავიდან იზრუნოს მის მიღებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კლინიკებს აქვთ შეკითხვები სიცხადის ნაწილში, რა გახდება ნებართვის შეჩერების საფუძველი და რამდენად ობიექტური იქნება შეფასება, თუმცა აქ სასამართლოს ნაწილი, ბუნებრივია, ისევ რჩება და გადაწყვეტილება, რომელსაც მარეგულირებელი მიიღებს, სასამართლოში უნდა დამტკიცდეს.
თამარ გაბუნიამ ასევე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესი არ არის, კლინიკებმა რაც შეიძლება, მეტი ჯარიმები გადაიხადონ.
„პირიქით, ლიცენზიის და სერტიფიკატის შეჩერების ბერკეტი განმეორებით დაჯარიმებებს ეწინააღმდეგება. ეს ორი ერთად ვერ იმოქმედებს“, – განაცხადა გაბუნიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რის საფუძველზე შეიძლება, მოხდეს კლინიკების საქმიანობის შეჩერება და რა შეიძლება, აღმოჩნდეს კრიტიკული შეუსაბამობა, გაბუნიამ აღნიშნა, რომ, მაგალითად, კლინიკები ხშირად არის ინფრასტრუქტურულად აბსოლუტურად გაუმართავი, რაც კრიტიკული შეუსაბამობაა.
მისივე თქმით, ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება კლინიკებში ინფექციების კონტროლი, ასევე მკაცრდება მოთხოვნები მთელი რიგი სერვისების მიწოდებისთვის და, გარდა ამისა, მკაცრდება დაფინანსების კონტროლი.