თამარ გაბუნია - მინდა, ყველას მოგიწოდოთ აქტიური ჩართულობისკენ, რათა გამოვიყენოთ ჩვენი შანსი პანდემიის დამარცხებისთვის
ახლა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება, რომ შემოსული ვაქცინები შესაბამისად იქნას გამოყენებული და შევძლოთ საზოგადოების დაცვა პანდემიის მიერ შექმნილი რისკებისგან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია აქვს იმისთვის, რომ მიღებული პირველი დოზების გამოყენება მოხდეს უმოკლეს ვადაში.
„დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ახლა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება თითოეულ ჩვენგანს, სამედიცინო საზოგადოებას, მედიას, რომ ქვეყანაში შემოსული ვაქცინები შესაბამისად იქნას გამოყენებული და რეალურად შევძლოთ საზოგადოების დაცვა პანდემიის მიერ შექმნილი რისკებისგან. ვფიქრობ, დღეს ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია გვაქვს, რომ მიღებული 43 200 დოზის გამოყენება სრულად მოხდეს უმოკლეს ვადაში.
ამდენად ჩვენ უკვე დღეიდან ვიწყებთ ძალიან აქტიურ კამპანიას, რომ ვაქცინაციის პროცესი იყო ხარისხიანი, უსაფრთხო. ამ პროცესში ყველა სამედიცინო დაწესებულების აქტიური მონაწილეობა იქნება უმნიშვნელოვანესი. ამდენად, მინდა, ყველას გთხოვოთ და მოგიწოდოთ აქტიური ჩართულობისკენ, რათა გამოვიყენოთ ჩვენი შანსი პანდემიის დამარცხებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.