თამარ გაბუნია - კლინიკებს აქვთ ლეგიტიმური წუხილი, ხომ არ მოხდება ინსპექტორის მიერ სუბიექტური შეფასება, მზად ვართ, გავიზიაროთ პასუხისმგებლობა, რაც კონკრეტული ინსპექტორ ქმედებას უკავშირდება
თამარ გაბუნია - კლინიკებს აქვთ ლეგიტიმური წუხილი, ხომ არ მოხდება ინსპექტორის მიერ სუბიექტური შეფასება, მზად ვართ, გავიზიაროთ პასუხისმგებლობა, რაც კონკრეტული ინსპექტორ ქმედებას უკავშირდება

რეგულირების სააგენტოს სჭირდება ბევრი ინსპექტორი, რომელსაც ექნება კვალიფიკაცია, რათა არსებული მდგომარეობა დადგენილ კრიტერიუმებსა და სტანდარტებს შეადაროს, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ამისთვის ჩვენთან მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოცდილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, შესაძლებელია, სამედიცინო განათლებაც და შესაძლებელია, სხვა ტიპის განათლება, როცა ფინანსებს ეხება საქმე. ეს არის ინსპექტორების პირველი რგოლი, რომელიც აფასებს და ეს არის პირდაპირ სიასთან შედარება. როდესაც ვნახულობთ, რომ, მაგალითად, ეს კალამი აქ უნდა იდოს თუ იქ, ეს არის ძალიან მარტივი შესაფასებელი. შემდეგ უკვე არის მეტად კომპლექსური საკითხები, როდესაც საქმე ეხება, მაგალითად, პაციენტის გარდაცვალების მიზეზის დადგენას. რა თქმა უნდა, ეს სრულიად სცილდება ინსპექტორის ფუნქციებსა და ინსპექტორის მოვალეობაა, დოკუმენტაცია შეაფასოს, მოიტანოს ეს დოკუმენტაცია სააგენტოში და შემდეგ უკვე ამაში ერთვება რეცეზენტებისა და ექსპერტების მთელი არმია, რომელიც რეგულირების სააგენტოსთან მუშაობს, რათა შინაარსობრივად შეისწავლოს, კლინიკური შემთხვევა რამდენად სწორად იმართა“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ განცხადებით თამარ გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად არსებობს იმის რესურსი, რომ მოხდეს მაღალკვალიფიციური გუნდების ჩამოყალიბება, რომლებიც კლინიკებს შეამოწმებენ.

მისი თქმით, რეალისტური არ არის ინფორმაცია, რომ, მაგალითად, ქირურგის ან ენდოკრინოლოგის საქმიანობას რეგულირების სააგენტოს ინსპექტორი შეისწავლის.

„ეს არც აქამდე ყოფილა ასე და არც სამომავლოდ არ იქნება, რადგან ინსპექტორს ამის არც უფლებამოსილება აქვს და არც კომპეტენცია“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კონტროლის გაძლიერების ნაწილი ყოველთვის არის გარკვეული მღელვარების გამომწვევი საკითხი და კლინიკებს აქვთ ლეგიტიმური წუხილი, ხომ არ მოხდება ინსპექტორის მიერ სუბიექტური შეფასება, უფლებამოსილების გადაჭარბება და ა.შ.

„ჩვენ გვესმის, რომ ეს ყველაფერი არის ლეგიტიმური წუხილი და მზად ვართ, ამაზე ვიმუშაოთ კლინიკებთან და გავიზიაროთ ის პასუხისმგებლობა, რაც კონკრეტული ინსპექტორის ადგილზე ქმედებას უკავშირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა ბერკეტები ეძლევა ცვლილებების საფუძველზე რეგულირების სააგენტოს, რომ კლინიკის შემოწმების შემდეგ აღსრულება დროულად მოხდეს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ, ახალი კანონპროექტის მიხედვით, რეგულირების სააგენტოს შეუძლია, ადგილზე ელექტრონული ჯარიმა დააკისროს კლინიკას და ის მაშინვე მიმართოს აღსრულებისთვის.

„დღეს ხდება იმგვარად, რომ, მაგალითად, ჯარიმა დადგინდა, მაგრამ გასაჩივრება ხდება ამ ჯარიმის და გასაჩივრება აჩერებს აღსრულებას. აი, ეს ნაწილი არის შემოთავაზებული ცვლილებისთვის, რომ გასაჩივრებამ აღსრულება არ შეაჩეროს“, – განაცხადა გაბუნიამ.

როგორც გაბუნიამ ასევე განაცხადა, დღეს დადგენილია ჯარიმების გარკვეული ოდენობა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს სურს, ჯარიმები გაიზარდოს, რათა ამან მეტად პრევენციული ხასიათი მიიღოს.

შეკითხვაზე, რა ფორმით და როგორ ვრცელდება ცვლილებები ფარმაცევტულ ბაზარზე, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტულ ბაზარზე მოსამართლის ნებართვის გარეშე შესვლის უფლებამოსილება დაახლოებით ექვსი თვის წინ მიენიჭა რეფერენტულ ფასებთან მიმართებაში და ამ მექანიზმმა ძალიან ეფექტურად იმუშავა, ხარვეზები გამოვლინდა, სწრაფად გამოსწორდა და შედეგებიც თვალსაჩინოა, რადგან რეფერენტული ფასების დადგენის შემდეგ მედიკამენტების ფასები საკმაოდ შემცირდა, ახლა კი საუბარია იმაზე, რომ ეს ნაწილი გაფართოვდეს და არა მხოლოდ რეფერენტულ ფასებს შეეხებოდეს, არამედ სხვა ტიპის დარღვევებსაც.