თამარ გაბუნია - ინფიცირებულის კონტაქტებს ვთავაზობთ, გადავიდნენ კარანტინში, თუ მათ არ აქვთ თვითიზოლაციის პირობები, ეს არის სტანდარტული მექანიზმი ყველა შემთხვევაში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, არჩილ თალაკვაძის მსგავსად, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ბევრი პირი გადადის თვითიზოლაციაში.
გაბუნიას განმარტებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს სთავაზობენ, გადავიდნენ საკარანტინო სივრცეში იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ თვითიზოლაციის შესაბამისი პირობები.
გაბუნია ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში სტანდარტული მექანიზმი მოქმედებს.
„ბატონი არჩილის შემთხვევა უბრალოდ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, თუმცა არის ბევრი კონტაქტის შემთხვევა, რომელიც გადადის თვითიზოლაციაში. ჩვენ ვთავაზობთ კონტაქტებს, გადავიდნენ კარანტინში, თუ მათ არ აქვთ თვითიზოლაციის პირობები. ნებისმიერი ჩვენგანი თუ იქნება ხვალ ინფიცირებულის კონტაქტი და დასჭირდება თვითიზოლაცია, თუ ექნება შესაბამისი პირობები და ამას დაადასტურებს საგანგებო მართვის სამსახური, იქნება ეს არჩილ თალაკვაძე, თამარ გაბუნია, თუ ვინმე სხვა, გადავა თვითიზოლაციაში და არა კარანტინში. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს არის სტანდარტული მექანიზმი ყველა შემთხვევაში.
მე მესმის, რაზეც არის საუბარი, ხშირად ისმის კითხვები, რატომ არის დიფერენცირებული მიდგომა მოგზაურების მიმართ და როგორ ირჩევა კარანტინის, თვითიზოლაციის ან 72-საათიანი ტესტირებისთვის სამიზნე ჯგუფები. ეს ყველაფერი ემყარება რისკების ანალიზს. ყველაზე მაღალი რისკის ქვეყნიდან შემოსული მოგზაური მიზანშეწონილია, იყოს კარანტინის რეჟიმში, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს სავალალო გამოცდილება, რომ მოქალაქეები არღვევენ თვითიზოლაციის პირობებს, თორემ, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის უფრო მოხერხებული იქნება, რომ მოქალაქეს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობა, ეს დაზოგავდა სერიოზულ რესურს და იქნებოდა ნაკლებად სტრესული მათთვის, მაგრამ დღეს ამის დაცვის გარანტიები, სამწუხაროდ, არ არის. შესაბამისად, ყველაზე აქტიური მექანიზმი, რამაც ჩვენ ეპიდემიის ამ დონეზე შენარჩუნების საშუალება მოგვცა, იყო კარანტინი, რაც ეპიდემიისგან დაცვის მთავარ მექანიზმად რჩება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.