თამარ გაბუნია გერმანიის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებსა და ონკოლოგებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გერმანიის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებსა და ონკოლოგებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს საქართველოსა და გერმანიას შორის სამედიცინო მიმართულებით ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.
გერმანელმა სპეციალისტებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ბერლინის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს გერმანიის სამედიცინო დაწესებულებებში განათლების მიღების საშუალებას მისცემს. ინიციატივა საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და ახალი თაობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოში, წლებია, წარმატებით ხორციელდება.
შეხვედრას პროფესორი, ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის კოორდინატორი ზაზა ავალიანი, ბერლინის შარიტეს უნივერსიტეტის პროფესორი ჰელმუტ ჰანი და დელეგაციის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.