თამარ გაბუნია განმარტავს, რა მიზნით აწყობენ კარვებს რესპუბლიკური და ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რა მიზნით აწყობენ კარვებს რესპუბლიკური და ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოების ეზოებში.
გაბუნიას თქმით, კლინიკაში რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის მისულ პირს რიგის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნება სპეციალურად მოწყობილ კარავში მოიცადოს.
„გუშინ მივიღეთ შეკითხვები, თუ რა კარავი გაჩნდა რესპუბლიკურის ეზოში. ასევე ბოჭორიშვილის სახელობის ინფექციური საავადმყოფოს ეზოში. ამისი მიზანია ერთადერთი, თუ იქნება უამინდობა, მაგალითად, წვიმა და მოქალაქეს, რომელიც რეგისტრაციის გარეშე მოვა, შესაძლოა, დიდი რიგი დახვდეს, დაყოვნების საშუალება ექნებათ კარვებში, რომლებიც მოეწყობა იმგვარად, რომ კომფორტული იყოს იქ გაჩერება. ეს არის გადაწყვეტა იმ მოსალოდნელი ნაკადებისთვის, რასაც ჩვენ ველოდებით.
იმუნიზაციის საბჭოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება იყო, რომ უმოკლეს ვადაში ყველა ამცრელ კლინიკას ვირტუალური კაბინეტი გაუაქტიურდება. ანუ რეგისტრაციის გარეშე მოქალაქეებს შეუძლიათ, მივიდნენ და აიცრან უკვე ნებისმიერი ვაქცინით. არა მხოლოდ „სინოვაკით“ და „სინოფარმით“, არამედ „ფაიზერითაც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.