თამარ გაბუნია - ფორმატი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ერთიანი მუშაობა განხორციელდეს კონსილიუმის რეჟიმში, ყველასთვის მისაღებია
თამარ გაბუნია - ფორმატი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ერთიანი მუშაობა განხორციელდეს კონსილიუმის რეჟიმში, ყველასთვის მისაღებია

იუსტიციის მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მომართა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექსპერტების ჯგუფის მობილიზაციის თაობაზე. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტების ჯგუფი ჰყავს, რომლებიც შესაძლებელია, ჩაერთონ ამ პროცესში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა.

„საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით. დღეს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას. მიხეილ სააკაშვილთან ჯგუფის შეხვედრისა და ექსპერტების საქმიანობის დეტალები შეთანხმებული იქნება და განისაზღვრება პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად. ეს დეტალები ახლა არ ვიცი. როგორც კი იუსტიციის მინისტრისგან მითითებას მივიღებთ, ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც. ფორმატი, რომ ერთიანი მუშაობა განხორციელდეს კონსილიუმის რეჟიმში, ყველასთვის მისაღებია“, – განაცხადა გაბუნიამ.

იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნას.