თამარ გაბუნია - ძალიან სასიხარულოა, რომ ბევრი კვლევის მიხედვით, საქართველოს კოვიდის მართვაში ლიდერი პოზიცია უჭირავს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ძალიან სასიხარულოა, რომ ბევრ კვლევაში, კორონავირუსის საპასუხოდ გატარებულ ღონისძიებებთან მიმართებაში, საქართველოს ლიდერი პოზიცია უჭირავს.
„აქ ყველაფერი მონაცემებზეა დამყარებული, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს პასუხი იყო წარმატებული“,- განაცხადა გაბუნიამ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამ განაპირობა ამ პასუხის წარმატებულობა.
„აქ იყო წარმატების რამდენიმე ფაქტორი. პირველი – ადრეული პასუხი. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ პასუხის მულტისექტორული ხასიათი. ანუ, პასუხში ჩაერთო სრულიად ყველა სამთავრობო უწყება, მთავრობის გუნდის მიერ იყო ძალიან კარგი კოორდინაცია, რათა ამ აქტივობებს შორის სინქრონიზაცია ყოფილიყო. ამან განაპირობა პირველი მთავარი რეაგირება, რაც ძალიან დროული და სწორი იყო. შემდეგ უკვე იყო ის კონკრეტული ინტერვენციები, რომლებიც ჩვენ გამოვიყენეთ და კიდევ ვიყენებთ – საკარანტინო ზონები და ვირუსს იმპორტის საშუალება აღარ ჰქონდა, არც დღეს აქვს“,- განუცხადა თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს.
გაბუნიას განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევები, რომლებიც დღეს ვლინდება, ძირითადად საკარანტინო სივრცეებიდან ან მაღალი რისკის ჯგუფებიდანაა.
„შემდეგ უკვე ამას მოყვება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისი, რომელმაც სწრაფად გააკეთა მობილიზება და, რა თქმა უნდა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რადგან ბოლოს მაინც ხელთ გვრჩება მხოლოდ ქცევითი ფაქტორები და ის, რომ გავიკეთოთ ნიღაბი, დავიცვათ თავი.
საქართველოს ალბათ კიდევ არაერთხელ მიეცემა საშუალება, რომ თავისი წარმატებული გამოცდილება სხვა ქვეყნებს გაუზიაროს და ისწავლოს, როგორც სხვების გამოცდილებაზე, ასევე იმ სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, რაც კოვიდთან მიმართებაში ტარდება“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
„დიფ ნოლიჯ გრუფის“ კვლევის თანახმად, „კოვიდ-19“-ის უსაფრთხოების რეიტინგში საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერია.