თამარ გაბუნია - დღევანდელი მონაცემები მიუთითებს, რომ ყოველდღიურად 20 000 ტესტის შემთხვევაში, დღიური მაჩვენებელი მაინც 2 000-ზე შენარჩუნდება, რაც საყურადღებოა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევის გამოვლენა განპირობებულია იმით, რომ საახალწლო დღეებში ნაკლები ტესტირება ჩატარდა.
„გასაკვირი არ არის, რომ დღეს შემთხვევების რაოდენობა იყო უჩვეულოდ დაბალი, 300-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რადგან საახალწლო დღეებია, ტესტირება იყო შესაბამისად დაბალი, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ დადებითობის მაჩვენებელი მაინც რჩება – დაახლოებით 11 პროცენტი. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ 20 000 ტესტი რომ ჩავატაროთ ყოველდღიურად, მაინც დაახლოებით დღიური მაჩვენებელი შენარჩუნდება 2 000-ზე, რაც კვლავ მაღალი და საყურადღებო მაჩვენებელია. სამიზნე ჩვენთვის არის, სულ მცირე 5%-მდე შემცირება, რათა შეიქმნას შესაფერისი პირობები ინფექციის გავრცელების შეჩერებისთვის. ამდენად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო აქტიურად გაიხსნება ტესტირების პროგრამების შესაძლებლობები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, საახალწლო დღეებში მობილობის გაზრდის გამო კორონავირუსის შეთხვევების მატება მოსალოდნელია.
„გარკვეულწილად მატება 7 იანვრის შემდეგ იქნება, რადგან მობილობის მატება უკავშირდება შემთხვევების მატებას. ამასთან, ჩვენ ტესტირების გაფართოებასაც ვგეგმავთ“, – აღნიშნა გაბუნიამ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 24 დეკემბრიდან დღემდე გახსნილი სავაჭრო ობიექტები რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობდნენ.
„სავაჭრო ობიექტებში წესები იყო დაცული, თბილისში ყოველ შემთხევაში. თუმცა, მიმდინარე პერიოდში უქმე დღეებისა და შეზღუდვების დაბრუნების ფონზე არის იმის კარგი შანსი, რომ შემთხვევების გავრცელება შეიზღუდოს. დაანონსებული შეზღუდვების პროგრამა 16 იანვრის შემდეგ ითვალისწინებს გარკვეულწილად სავაჭრო ობიექტების გახსნას, შაბათ-კვირის გარდა, ასევე ტრანსპორტის გააქტიურებას, მაგრამ ეს გეგმა ექვემდებარება ადაპტირებას, იმისდა მიხედვით, როგორო ეპიდემიოლოგიური სურათი გვექნება“, – განაცხადა გაბუნიამ.