თამარ გაბუნია - დღეის მდგომარეობით, 360 კოვიდინფიცირებული პაციენტი არის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 421 საწოლია თავისუფალი
დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდდადებითი შემთხვევა სტაციონარში იყო 5 577, აქედან 1 034 პაციენტი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და 360 პაციენტი არის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, ესენი არიან ის მძიმე და კრიტიკული პაციენტები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ამ დროისთვის მობილიზებულია კოვიდსასტუმროები, სადაც 3 500-მდე პაციენტი იტარებს მკურნალობას.
„პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმები მართავენ ბინაზე როგორც კოვიდდადებით შემთხვევებს, ასევე მზად არის იმისთვის, რომ პაციენტებს პასუხები გასცენ სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში. როგორც უკვე გაცხადდა, უკვე ორი კვირა არის, რაც გადასული ვართ სრულად დეცენტრალიზებულ მოდელზე. ყველა პაციენტს ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს და მისი რეკომენდაციის საფუძველზე ჩაიტაროს გამოკვლევა და დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაბამის დახმარებას მიიღებს. ნაკადები არის ძალიან აქტიური და ინტენსიური, დღეს ჯანდაცვის სექტორზე დიდი დატვირთვა მოდის, თუმცა არსებობს გარკვეული რესურსი. დღეს დილით თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 421 იყო. გადანაწილება და მეტი დატვირთვა მოდის თბილისზე, ბათუმსა და ქუთაისზე. დიდ ქალაქებში უფრო დიდი დატვირთაა, სხვაგან შედარებით ნაკლებია. მთავარი აქცენტია ის, რომ საწოლი იყოს შენარჩუნებული მძიმე და კრიტიკული შემთხვევებისთვის, თუ პაციენტს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, მისი მართვა მოხდეს კოვიდსასტუმროებში. საკმაოდ კარგად მომზადებული სამედიცინო პერსონალი მუშაობს იქ. კლინიკებსა და სასტუმროებს შორის აქტიური თანაშრომლობისთვის კომუნიკაცია მიდის, რომ პაციენტების გადაყვანა და სამედიცინო ჩარევა მარტივად მოხერხდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.