მთავარია, რომ რეგულაციები, რომლებიც დღეს მოქმედებს, უნდა აღსრულდეს. ჯარიმამ, როგორც სანქციამ, მაკონტროლებელმა მექანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი როლი შეასრულა. სანქციების გამკაცრება და ინდივიდუალურ დონეზე კონტროლი ძალიან რთულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპით წარიმართოს. მისივე თქმით, მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებლობა, რომ ვაქცინაციის პროგრამა სრული ტემპით გაიშალოს ქვეყანაში.
როგორც გაბუნია ამბობს, სწორედ ეს იქნება გამოსავალი კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღის თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენ დღეს საკმაოდ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ვართ. შეზღუდვები, რომლებიც გასული ორი-სამი თვის განმავლობაში იყო, ეტაპობრივად მოიხსნა და რა თქმა უნდა, მობილობის მატება განსაკუთრებით მკვეთრია ზაფხულის პერიოდში, თვისთავად დასრულდა შედეგით, რომ შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. მთავარია, რომ რეგულაციები, რომლებიც დღეს მოქმედებს, უნდა აღსრულდეს. ჯარიმამ, როგორც სანქციამ, მაკონტროლებელმა მექანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისი როლი შეასრულა. სანქციების გამკაცრება და ინდივიდუალურ დონეზე ამისი კონტროლი ძალიან რთულია. ამდენად, ჩვენთვის დღეს მთავარი გადაწყვეტა არის ვაქცინაციის სწრაფი ტემპი. მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა, რომ ვაქცინაციის პროგრამა სრული ტემპით გაიშალოს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, მეოთხე ტალღის თავიდან აცილებისთვის ეს იქნება გამოსავალი. დღეს ქვეყანაში ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა ძალიან მაღალია. ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ოთხი ვაქცინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება გარკვეულწილად არის რისკი ინფექციის გავრცელებისთვის, მაგრამ ამის დაბალანსების მიზნით შეიქმნა შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ვაქცინებზე, რომელთა ეფექტურობა საკმაოდ მაღალია.
„მეორე ამბავია, რამდენად სწრაფი იყო შეზღუდვების შემსუბუქება და რამდენად შეუწყო ამან ხელი ინფექციის გავრცელებას. მართალია, როდესაც მობილობა დაბალია, ინფექციის გავრცელების ტემპიც შედარებით დაბალია. ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერსების გარდა, მკაფიო სოციალური, ეკონომიკური ინტერესები დგება და ყოველთვის რთულია ამის დაბალანსება. ამდენად, გადაწყვეტილებები მიიღება ორივე მხარის აწონ-დაწონის შედეგად. ასევე, მოსახლეობის მოლოდინი, გადაღლა შეზღუდვებთან და კოვიდთან დაკავშირებით იყო ძალიან მაღალი. ამდენად, ეს პერიოდი, რომელიც ჩვენ შედარებით სწრაფად გავიარეთ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად არის რისკი ინფექციის გავრცელებისთვის. მაგრამ რისკის დაბალანსებისთვის შეიქმნა შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ვაქცინებზე, რომელთა ეფექტურობა საკმაოდ მაღალია. წინ უნდა გავიხედოთ და ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ინფექციის კონტროლი სწრაფად მოხერხდეს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
გართულებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და გამოსავალზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ადამიანების ინდივიდუალურ ქცევასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე. მან ჯანდაცვის სისტემის წინაშე ახალ გამოწვევაზეც ისაუბრა, რაც ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
ამასთან, თამარ გაბუნიამ დაასახელა მექანიზმები, რაც ქვეყანას კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღას თავიდან აარიდებს.
„გამოსავალია ისევ და ისევ ვაქცინა და წესების კონტროლი. ახალი გამოწვევა, რომელიც დღეს ჩვენ წინაშე დგას, არის პედიატრიული შემთხვევები და პედიატრიული შემთხვევების მართვისთვის კლინიკური ქსელი ემზადება, თუმცა ყველაზე გონივრული და კარგი გამოსავალი იქნება, რომ არ დავუშვათ პედიატრიული შემთხვევების ესკალაცია. ოჯახში, სადაც ბავშვია, მშობლები, ოჯახის წევრები ვაქცინირებულები უნდა იყვნენ და ამით დავიცვათ ბავშვები. ასევე უახლოეს პერიოდში, ორშაბათიდან ძალაში შევა რეგულაციები, რაც ბავშვების თავშეყრის შედარებით კონტროლს ითვალისწინებს.
ვაქცინაციასთან ერთად, ტესტირების პროგრამა ჩვენთის არის მთავარი დაცვა, რათა ინფიცირებული პირი სასწრაფოდ გამოვლინდეს. ვიდრე ვაქცინაციით მოცვის კრიტიკულ მაჩვენებელს არ მივაღწევთ, ფართო მასშტაბის ტესტირებები გაგრძელდება. ეს არის ძირითადი მექნიზმები, რაც საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ მეოთხე ტალღა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარების რეგულაციის თავიდან ამოქმედება, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ღია სივრცეში პირბადეზე უარის თქმის რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არც არასდროს გაუციათ.
„ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამაზე აქცენტს მუდმივად აკეთებს, არასოდეს მიგვიცია რეკომენდაცია პირბადეზე უარის თქმის შესახებ, ღია სივრცეში იქნება თუ დახურულ სივრცეში, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ პირბადის ტარება მნიშვნელოვანია. ჩვენ გადაგვარჩენს ინდივიდუალურ დონეზე ისევ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ყველამ უნდა დაიცვათ ჩვენი თავი პირბადის და ვაქცინის საშუალებით. არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ამ შემთხვევაში რაიმე ადმინისტრაციული მექანიზმი შეძლებს ინდივიდუალურ დონეზე ქცევის გაკონტროლებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.