თამარ გაბუნია - არ მინდა, ბოლომდე გავიზიარო ის ვერსია, რომ საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ტარიფს შორის განსხვავებით იყო განპირობებული
აქამდე, მშობიარობისთვის სახელმწიფო 500 ლარს აფინანსებდა, საკეისრო კვეთისთვის კი 800 ლარს და ეს ამ ფასის განსხვავებით იყო განპირობებული, თუ კიდევ ბევრი სხვა მიზეზით, დღეს საკეისრო კვეთების რაოდენობა ძალიან მაღალია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
მინისტრის მოადგილემ უპასუხა მაკა ცინცაძის შეკითხვას, რატომ მიიღო ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის თანხა გათანაბრდა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და რასთან დაკავშირებითაც რიგ მრავალპროფილურ კლინიკებს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ.
„DRG სისტემა სტანდარტულად, შეეხება მშობიარობასაც, DRG-ზე გადაყვანა მნიშვნელოვანი იყო ადმინისტრირების კუთხით და მეორე, აქ გათანაბრდა მშობიარობის და საკეისრო კვეთის ტარიფი. აქამდე, მშობიარობისთვის სახელმწიფო აფინანსებდა 500 ლარს და საკეისრო კვეთისთვის აფინანსებდა 800 ლარს. ეს იყო ამ ფასის განსხვავებით განპირობებული, თუ კიდევ ბევრი სხვა მიზეზით, დღეს საკეისრო კვეთების რაოდენობა გვაქვს ძალიან მაღალი. ზოგიერთ კლინიკაში ეს არის 70% და რიგ კლინიკებში შეიძლება, იყოს მიახლოებული საერთაშორისო პრაქტიკასთან, მაგრამ ეს ობიექტური მიზეზი იწვევს მთელ რიგ არასასურველ შედეგებს ქალის ჯანმრთელობისთვის, ბავშვის ჯანმრთელობისთვის და დემოგრაფიული სურათისთვის, რადგან პირველი საკეისრო ნიშნავს მეორე საკეისროს, პირველი და მეორე საკეისრო ართულებს მესამე ბავშვის გაჩენას და ეს მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს დემოგრაფიაზე. ანუ, ეს სცდება სამედიცინო სფეროს. რა თქმა უნდა, ამის დარეგულირება რთულია, მაგრამ თავისუფალი არჩევანით საკეისრო კვეთის გაკეთებამ არასამედიცინო ჩვენებით ისე, რომ ჩვენ არ გვქონდა არანაირი ბერკეტი, გამოიწვია რაღაცნაირად აქტიური ზრდა საკეისრო კვეთების. მხოლოდ ეს მექანიზმი, რა თქმა უნდა, ამას არ გადაწყვეტს და აქ საინფორმაციო კამპანიაც მნიშვნელოვანია, “, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში უკვე ოჯახმა აღარ უნდა გადაიხადოს არაფერი იმისთვის, რომ ქალმა მიიღოს სამედიცინო სერვისი მშობიარობის შემთხვევაში და გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია ამან, რომ კლინიკებს დამატებითი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა აღარ აქვთ. ამასთან, გაბუნიამ აღნიშნა, რომ თუ საკეისრო კვეთა გართულებულია, ამას დამატებითი რესურსი სჭირდება და ეს დასტურდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ამასაც დაფარავს.
როგორც თამარ გაბუნიამ ასევე აღნიშნა, მას არ სურს, ბოლომდე გაიზიაროს ვერსია, რომ გასულ წლებში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი 500 და 800-ლარიან ტარიფს შორის განსხვავებით იყო განპირობებული და ამიტომ, პერსონალს მოტივი მეტი ჰქონდა.
„როცა საკეისრო კვეთა ნაჩვენებია, მართალი გითხრათ, არც ის ვერსია მინდა, ბოლომდე გავიზიარო, რომ გასულ წლებში საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი ამ 500 და 800-ლარიან ტარიფს შორის განსხვავებით იყო განპირობებული და ამიტომ, მოტივი მეტი ჰქონდა პერსონალს. არა, ამ შემთხვევაში რისკი არის, დედის და ბავშვის ჯანმრთელობა უპირატესია და რაც არ უნდა ვიდავოთ ფასთან დაკავშირებით, აქ ცალსახად, ნამდვილად შემიძლია, ვთქვა, რომ ორსულის და ახალშობილის ჯანმრთელობას არც ერთი ექიმი და კლინიკა არ დააყენებს რისკის ქვეშ, ერთი წუთითაც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.