თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი უფრო გამკაცრდეს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მაღალია.
„ვირუსის გადაცემის შემთხვევები ჩინეთში გაიზარდა და 2000-ს მიაღწია. რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მკაცრ რეაგირების მექანიზმებს იყენებს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტად მკაცრი იქნება ჩინეთი, მით უფრო დაცულია ყველა სხვა ქვეყანა. ჩვენ რაც შეგვეხება, პირველი რეკომენდაცია, რასაც ხვალ განვიხილავთ იქნება მოგზაურობის შეზღუდვა, ამის შესახებ რეკომენდაციები უკვე გავრცელდა და ჩვენ ვურჩიეთ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც რისკი მაღალია“ ,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
ამასთან, გაბუნიას განმარტებით, შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი უფრო გამკაცრდეს.
„ზოგადად, შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი. ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თუმცა ქვეყანას თავადაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს. ხვალ დაიწყება რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად მკაცრად უნდა მივუდგეთ მგზავრობის შეზღუდვის თემას და ძალიან მალე, მომავალი კვირის დასაწყისში უფრო მკაფიო გახდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა შემოსული მგზავრის შემოწმება თერმული სკრინინგით სავალდებულო არ არის, მოწმდებიან ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ტრანზიტული თუ პირდაპირი რეისებით. ასევე ყველა მგზავრისთვის არის ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ მათ აღმოაჩნდებათ ვირუსის სიმპტომები“ ,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.