თამარ გაბუნია - აპრილის ბოლოსთვის გვექნება კონკრეტული პასუხი, როდის მივიღებთ ინფექციური დაავადებების გამოსაკვლევად საჭირო კარტრიჯებს
2000 სწრაფი ტესტი ანტიგენზე დამყარებული, რომელიც საჭიროებს მარტივ ანალიზატორს, რათა ისევ პისიარ მეთოდით შესრულდეს ტესტირება, ქვეყანაში ჩამოვიდა კვირას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, დღეს იგეგმება ექსპერტებთან შეხვედრა, რათა განისაზღვროს, რომელ კლინიკაში მოხდება ტესტების გამოყენება.
„ასევე არის 4000 ანტისხეულებზე დამყარებული ტესტი, რომელიც პასუხს იძლევა უფრო გვიან ეტაპზე, თუმცა ამ ორივე ტესტს აქვს თავის ადგილი დიაგნოსტიკურ ალგორითმში. რაც შეეხება სხვა მიმწოდებლებთან მოლაპარაკებას, მიმწოდებელი სწრაფი ტესტების არის არაერთი. მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც სამხრეთ კორეასთან, ისე ჩინეთთან და გვპირდებიან, რომ ეტაპობრივად სწრაფი ტესტების მოწოდებას მოკლე ვადებში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სერიოზული მუშაობა „ცეფეიდთან“. „ცეფეიდის“ დასახელება შემიძლია რადგან ეს ცნობილია, რომ არის ერთადერთ მწარმოებელი კომპანია კარტრიჯების, რომელიც ემყარება პისიარ ტექნოლოგიას და ეს კარტრიჯები გამოიყენება ბევრი ინფექციური დაავადებებისთვის. ჩვენ ქვეყანაში გვაქვს ჯინექსპერტების აპარატების ქსელი თითქმის ყველა რაიონულ კლინიკაში, რაც არის საჭირო რომ მოხდეს „ცეფეიდის“ კარტრიჯების გამოყენება. „ცეფეიდის“ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მაღალი სარწმუნოების და სწრაფად შესრულებად ტესტირებაზე, ამდენად ის მოლაპარაკება, რომელიც დღეს გვაქვს „ცეფეიდის“ სათაო ოფისთან, ძალიან მნიშვნელოვანია რომ წარმატებით და დროულად დასრულდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, „ცეფეიდების“ კარტრიჯებზე რიგია და სავარაუდოდ ის აპრილის ბოლოსთვის ექნება ქვეყანას.
„კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებს ქვეყანა „ცეფეიდის“ კარტრიჯებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტესტირების შესაძლებლობას ცხელების კლინიკებში. პირველი აპრილი არის ბრძანებით განსაზღვრული ვადა კლინიკებისთვის, რომ მათ უზრუნველყონ მზაობა უკვე ცხელების ზონების განთავსების, ან სრულად ცხელებიანი პაციენტების მიღებისთვის. ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის გვექნება უფრო კონკრეტული პასუხი „ცეფეიდიდან“ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მივიღებთ ტესტებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.