თამარ გაბუნია - ამ დროისთვის გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი, რომელთა პირველწყაროზეც ეპიდკვლევა მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირის პირველწყაროს დადგენა ჯერ ვერ მოხერხდა.
ამასთან, გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების მომატებული შემთხვევების ფონზე, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ დაწესებული შეზღუდვები პირნათლად დაიცვას.
„24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 25 ახალი შემთხვევა. კარგია, რომ შემთხვევების უმრავლესობა არის გამოკვლეული და ცნობილი წყაროდან, თუმცა, რჩება ორი ინფიცირებული, რომელთა წყაროზეც ჯერ ეპიდკვლევა მიმდინარეობს. როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში სიტუაცია მერყევია. ამგვარი ეპიზოდური მატების მაჩვენებელი ცალსახად მიუთუთებს იმას, რომ რისკი „კოვიდთან“ დაკავშირებით რჩება კვლავაც მაღალი. ამიტომ, მოდუნებისა და მაკონტროლებელი ღონისძიებების შერბილების საფუძველი ჯერ არ გვაქვს, რაც მიუთითებს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს ტესტირების აქტივობები და ასევე, ის დამატებითი ღონისძიებები, რომლებიც ასეთ ცხელ კერებში გვიწევს, რომ გავატაროთ დამატებით ლოკალიზებული საკარანტინე ღონისძიებების სახით. როგორც ვხედავთ, მაინც არის შემთხვევების მატების ეპიზოდები, რაც მიუთითებს რისკების არსებობაზე, ამდენად ნიღბების ტარება, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და სხვა ღონისძიებები ისევე უნდა გავაგრძელოთ, როგორც აქამდე“, – განაცხადა გაბუნიამ.