თამარ გაბუნია აცხადებს, რომ თბილისსა და აჭარაში ეპიდვითარების მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჰოსპიტალურ სექტორში რესურსის მობილიზების შესახებ ისაუბრა.
გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია. თუმცა საკითხზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ თბილისსა და აჭარაში ეპიდვითარების მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება, რის გამოც ამ რეგიონების ჰოსპიტალებში ნაკლები ზეწოლაა.
„ჯერჯერობთ კახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორის დამატებითი რესურსის მობილიზება არის შესაძლებელი. ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სასტუმროების რესურსიც, რომელიც არის იქ ან მახლობელ რეგიონში. კახეთს ახლომდებარე რაიონებისთვის დახმარება შეუძლია, გაუწიოს თბილისმა. თბილისსა და აჭარაში დღეს უკვე არის ნაკლები ზეწოლა და შესაძლებელია, ეს უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომავალ დღეებში და დავეხმარებით სხვა რეგიონებს. თუ ჩვენ დღეს თბილისსა და აჭარაში ვხედავთ მცირე სტაბილიზაციას, კახეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში ახლა იწყება ესკალაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.