თამარ გაბუნია - აჭარაში წინა დღესთან შედარებით შემთხვევების მხოლოდ მცირედი ზრდაა, რაც მიანიშნებს, რომ შეზღუდვები ეპიდემიიის გავრცელების სტაბილიზაციას ახერხებს
თამარ გაბუნია - აჭარაში წინა დღესთან შედარებით შემთხვევების მხოლოდ მცირედი ზრდაა, რაც მიანიშნებს, რომ შეზღუდვები ეპიდემიიის გავრცელების სტაბილიზაციას ახერხებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში წინა დღესთან შედარებით კორონავირუსის შემთხვევები გაზრდილია, მაგრამ მცირედით. ეს კი, გაბუნიას შეფასებით, მიანიშნებს იმაზე, რომ აჭარაში დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებებით რეგიონში ეპიდემიიის გავრეცელების სტაბილიზაცია ხერხდება.

თუმცა, თამარ გაბუნია ამბობს, რომ სრული სურათი გარკვეული დროის შემდეგ გამოიკვეთება.

„აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით მცირედი ზრდაა. ეს არის ნიშანი იმისა, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომლებიც აჭარაში დავიწყეთ, ახერხებს აჭარაში ეპიდემიიის გავრეცელების სტაბილიზაციას, თუმცა სრული სურათის დანახვას გარკვეული დრო სჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას თქმით, დღეს მთავარი აქცენტი კეთდება სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაძლიერებაზე.

„დაგვემატა 200-მდე გამოჯანმრთელებული. მათ დატოვეს საკარანტინო სასტუმროები, ასევე ბინაზე შეჩერდა მათი მეთვალყურეობა და  გაეწერენენ ჰოსპიტლებიდანაც. დღეს ჩვენთვის მთავარი აქცენტი არის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაძლიერება, როგორც პირველად ჯანდაცვაში, ასევე ჰოსპიტალში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, რათა იქ რეანიმატოლოგების ჯგუფი გაძლიერდეს. თბილისიდან ჩაერთვება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდი, ასევე ჩართულია   ინფექციური საავადმყოფოს გუნდი. თავად მარინა ეზუგბაია გახლდათ რეგიონში და სათითაოდ შეისწავალა თითოეული პაციენტი. თანამშრომლობა გაგრძელდება, რათა რესპუბლიკურმა საავადმყოფომ თავი გაართვას საშუალო და მძიმე შემთხვევის მართვას.

დაემატება ონლაინ კლინიკები პირველადი ჯანდაცვისთვის, გუშინ შევხვდით ოთხი პირველადი ჯანდაცვის ქსელის თანამშრომლებს და ისინი მზად არიან, ბინაზე მართონ თავიანთი პაციენტები, თუ კი მათ კოვიდი დაუდასტურდათ. ჩვენ ვცდილობთ, რომ გამოცდილი კლინიკები კონტაქტში იყოს ახალ კლინიკებთან, რათა სამედიცინო მომსახურების ხარისხი იყოს თანაბარი და გამოცდილების ურთიერგაზიარების შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – აცხადებს თამარ გაბუნია.