თამარ გაბუნია - აჭარაში ეპიდემიის სტაბილიზაციის სურათი იკვეთება, კორონავირუსის ძირითადი ტალღა გადატანილია
აჭარაში დღევანდელი მონაცემების მიხედვითაც, აშკარად იკვეთება ეპიდემიის სტაბილიზაციის სურათი, ვფიქრობთ, ამ ტენდენციის პირობებში, დაახლოებით ერთ კვირაში, უკვე შესაძლებელი იქნება საუბარი იმაზე, რომ ეპიდემია დასტაბილურდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბათუმში, აჭარის მთავრობის ოპერატიული შტაბის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარაში სპეციალისტების დამატებითი მობილიზება იგეგმება. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნება რეანიმატოლოგთა ჯგუფი, რომელიც რეგიონებში კოვიდკლინიკებს შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს.
„დღევანდელი მონაცემების მიხედვითაც, აჭარაში აშკარად იკვეთება ეპიდემიის სტაბილიზაციის სურათი, ვფიქრობთ, ამ ტენდენციის პირობებში, დაახლოებით ერთ კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება საუბარი იმაზე, რომ ეპიდემია დასტაბილურდა. ძირითადი ტალღა გადატანილია და შემდეგ უკვე მოლოდინი უნდა გვქონდეს იმისა, რომ შემთხვევების რაოდენობა დაუბრუნდება საწყის ნიშნულს და დაიწყება დაღმასვლა.
თბილისიდან გვემატებიან ექსპერტები, რომლებიც რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდთან ერთად შემთხვევების მართვაში უკვე ჩაერთვნენ. ასევე, სხვა კლინიკებში ემატება რეანიმაციული საწოლები, რათა გაძლიერდეს კლინიკური შემთხვევების მართვის შესაძლებლობები. თბილისში, სამინისტროს ბაზაზე, შეიქმნება რეანიმატოლოგების ჯგუფი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, კრიტიკული შემთხვევების მართვას ტექნიკურ და თემატურ ხელმძღვანელობას გაუწევს, რაც იქნება კიდევ ერთი გარანტი იმისა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტს ჩაუტარდება საერთაშორისო სტანდარტის შესაფერისი მკურნალობა. სადაც ოდნავ მაინც შესაძლებელია გამოსავალი იყოს დადებითი, პოზიტიური, მძიმე შემთხვევებმა უნდა მიიღოს ის დახმარება, რომელიც აუცილებელია ასეთ დროს და ასეთი შესაძლებლობაც ქვეყანაში რა თქმა უნდა, არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
აჭარაში მთავრობის ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც რეგიონში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იმსჯელეს.
აჭარაში კორონავირუსისგან 3 700 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. დღეისათვის კლინიკებში, კოვიდსასტუმროებსა და ბინაზე სულ 2 400-ზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს.