თამარ გაბუნია - აბიტურიენტს ტემპერატურა თუ ექნება მომატებული, შეფასდება მისი მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდება „პისიარ“ ტესტირება
აბიტურიენტს ტემპერატურა თუ ექნება მომატებული, შეფასდება მისი მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, ჩაუტარდება „პისიარ“ ტესტირება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მან იმ რეკომენდაციებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც იქნება გათვალისწინებული ერთიანი ეროვნული გამოცდებისას.
„კოვიდის ეპიდემიის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია ნებისმიერ გარემოში და ინფექციური კონტროლის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეროვნული გამოცდების დროს, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში აბიტურიენტებს და იქ მომსახურე პერსონალს მოუწევს დახურულ სივრცეში ერთად ყოფნა, ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და განათლების სამინისტროსთან ერთად მოამზადა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ემყარება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებს სკოლებისთვის და სასკოლო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ასევე ევროპის გამაგრილებელი, გამათბობელი და საკონდიციონერო სისტემების ფედერაციის რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება „კოვიდის“ პირობებში ინფექციის კონტროლი და გავრცელების რისკის თავიდან აცილება ვენტილაციის, ბუნებრივი აირაციისა და კონდიცირების სისტემების უსაფრთხო გამოყენებით“, – განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, რეკომენდაციები აწყობილია არსებულ ბაზისურ პრინციპებზე, რომელსაც იყენებენ ზოგადად „კოვიდის“ პრევენციისთვის ნებისმიერ გარემოში.
„ეს მოიცავს, ბუნებრივია, დისტანცირებას და დისტანცირებისთვის დადგენილია ორი მეტრი; ასევე, სულ მცირე ერთი მეტრი მაგიდებს შორის არის ის მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომელიც აუცილებლად იქნება დაცული. ასევე, არის რეკომენდაცია ბარიერების შესახებ; ბუნებრივია, პირბადეების ტარება რჩება ერთ-ერთ ბაზისურ და ყველაზე მნიშვნელოვან რეკომენდაციად, როგორც მომსახურე პერსონალისთვის, ასევე აბიტურიენტებისთვის.
რა თქმა უნდა, ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, დეზობარიერის გამოყენება, სანიტარიული შესვენებები, სველი წერტილების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარებით, საგამოცდო სივრცის სველი წესით დამუშავება – ეს არის ის ყველაზე მინიმალური მოთხოვნები, რაც უნდა იყოს დაცული საგამოცდო სივრცეში“, – აცხადებს გაბუნია.
მისივე თქმით, ერთი კიდევ მნიშვნელოვანი მომენტია თერმული სკრინინგი.
„აქამდე, როგორც სხვა სივრცეში, ასევე საგამოცდო სივრცეში, ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, ბუნებრივია, დგება საეჭვო „კოვიდის“ თემა და ამდენად, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, მინიმუმამდე შევამციროთ ტემპერატურის მომატების დროს „კოვიდის“ ალბათობა. თუ გამოცდების დაწყებამდე და გამოცდაზე მისვლამდე აბიტურიენტი თავს შეუძლოდ იგრძნობს, იქნება ტემპერატურა მომატებული, დავუშვათ, ორი-სამი დღით ადრე, ამისთვის მზად იქნება პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ასეთი აბიტურიენტი მიიღოს, ჩაუტარდეს შესაბამისი შეფასება ოჯახის ექიმის მიერ და საჭიროების შემთხვევაში „პისიარ“ ტესტირება, თუ ამას ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ. რადგან ორი-სამი დღით ადრე ჩატარებული „პისიარ“ ტესტირება ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უსაფრთხოდ გამოვრიცხოთ „კოვიდის“ არსებობა და აბიტურიენტი, რომელსაც შესაძლოა, ტემპერატურაც კი ქონდეს მომატებული გამოცდაზე მისვლის წინ, დავუშვათ საგამოცდო სივრცეში, რა თქმა უნდა, შესაბამისი პირობების დაცვით.
სხვა მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება მუდმივი მუშაობის რეჟიმში, მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი, რომელსაც ჩაუტარდება შესაბამისი ტრენინგი, იმისთვის, რომ აბიტურიენტის მდგომარეობა და „კოვიდთან“ დაკავშირებული რისკები გამოცდაზე დაშვებამდე იყოს შეფასებული, თუკი ამის საჭიროება დადგება“, – განაცხადა გაბუნიამ.