თამარ გაბუნია - 37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით, ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია
თამარ გაბუნია - 37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით, ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია

37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით, ეს ოჯახებისთვის დიდი შეღავათია და ვფიქრობ, ეს მოდელი თავის შედეგებს დაგვანახებს მომავალში, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, პარალელურად, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს, მაღალხარისხიანი სერვისების მიღება ადგილზე, საქართველოშიც შეეძლოთ.

„ქვეყანაში უნდა გაძლიერდეს პერსონალის გადამზადება, კლინიკური ბაზების ჩამოყალიბება და ეს რა თქმა უნდა ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ყველას გვესმის, რომ საქართველოში უნდა განვითარდეს ეს სერვისი და მუდმივად დამოკიდებული არ ვიყოთ უცხო ქვეყნის კლინიკებზე. ვმუშაობთ სამედიცინო პერსონალის ტრენინგის მიმართულებით, რასაც დიდი დრო სჭირდება. ხდება კლინიკების მოძიება და აქედან რეზიდენტურის პროგრამაზე ახალგაზრდა კადრების გაგზავნის მიმართულებით მუშაობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას გამართული, პედიატრიული ონკოლოგიური სერვისი, რისთვისაც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

მისივე თქმით, ახალი კომპონენტი, რაზეც მიდის მუშაობა, შეეხება სიმპტომურ პირებს.

„ახალი კომპონენტი, რაზეც მიდის მუშაობა, ეს არის სიმპტომური პირები. ანუ, როდესაც ადამიანს აქვს კიბოსთვის რომელიმე დამახასიათებელი სიმპტომი, მივიდა ოჯახის ექიმთან და ჩაიტარებს საწყის გამოკვლევას. ეს შეიძლება, იყოს ულტრაბგერა, ან რენდგენოსკოპიული გამოკვლევა და გამოჩნდა კიბოს საეჭვო სურათი, ამას მერე უკვე სჭირდება სპეციფიკური გამოკვლევები, მორფოლოგიური, შემდეგ დამატებითი ძვირად ღირებული რადიოლოგიური გამოკვლევები, მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა და ა.შ. აი, ეს ყველაფერი იგეგმება, რომ უკვე პროგრამის ფარგლებში დაინერგოს, რა თქმა უნდა, შესაბამისი გზამკვლევების მიხედვით, რაც დამყარებული იქნება ევროპული და ამერიკული საუკეთესო პრაქტიკის გაიდლაინებზე“, – განაცხადა გაბუნიამ.